რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 5 სპორტსმენით გამოვა. შმაგი ბოლქვაძის (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილისა (75 კგ) და რევაზ ნადარეიშვილის (98 კგ) შემდეგ, ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივი რობერტ ქობლიაშვილმა (85 კგ) და იაკობ ქაჯაიამაც (130 კგ) შეასრულეს.
ბერძენ-რომაელთა სალიცენზიო სეზონი დღეს იხურება, სტამბოლის საერთაშორისო ტურნირით, რომელზეც უკვე ექვსივე ოლიმპიურ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ფინალისტები და შესაბამისად, ლიცენზიანტებიც.
ბეგი დარჩიას გაწვრთნილი გუნდი კონკურენციაში სამი მოჭიდავით ჩაერთო. მათგან ბრაზილიის საგზურის გარეშე მხოლოდ რევაზ ლაშხი (59 კგ) დარჩა. ევროპის 2011 წლის ქართველმა ჩემპიონმა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა რიოში გამგზავრების ბოლო შანსი მერვედფინალში დაკარგა, ამერიკელ დევიდ თიელკესთან წაგებით (6:15).
რობერტ ქობლიაშვილი საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო და ბრაზილიელ სანტიაგო ბრანდაოს 8:0 სძლია. ლიტველ ლაიმუტის ადომაიტისს 4:1-ით გასცდა. ფინალის საგზური და ლიცენზია კი ყაზახეთის ნაკრების წევრ დანიელ გაჯიევის დაძაბულ ბრძოლაში დამარცხებით (2:1) გაინაღდა.
ფინალის გზაზე იაკობ ქაჯაიამაც სამი მეტოქე ჩამოიშორა, ოღონდ გაცილებით იოლად - ბერძენ ქსენოფონ კუციუმპასსა და ტუნისელ რადუან ჩების თითო წუთი აკმარა 8-8 უპასუხო ქულის ასაღებად. უნგრელ მიხალი დიკ-ბარდოშს კი ცოტა მეტ დროში 9:0 სძლია.
ფინალში ქობლიაშვილი გერმანელ დენის კუდლას შეხვდება, ხოლო ქაჯაია – შვედ იოჰან მაგნუს ეურენს.