ჭიდაობა

15:54 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი ამბავი თურქული ხალიჩიდან - რევაზ ლაშხი რიო 2016-ს გამოტოვებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გამოცდილმა წევრმა - ევროპის 2011 წლის ჩემპიონმა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა რევაზ ლაშხმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოხვედრის ბოლო შანსი ვერ გამოიყენა.

სტამბოლში დღეს დაწყებულ უკანასკნელ სალიცენზიო ტურნირზე ლაშხს (59 კგ) ბრაზილიის საგზურის გასანაღდებლად ფინალში გასვლა სჭირდებოდა. კარგადაც დაიწყო - ინდოელ სინხ რავინდერს 8:0 სძლია, მაგრამ მერვედფინალში ამერიკელ დევიდ თიელკესთან ვეღარას გახდა - 6:15 დამარცხდა და ოქრო-ვერცხლისა და ლიცენზიისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

თურქულ ხალიჩაზე, ოლიმპიადაზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი იბრძვის. რობერტ ქობლიაშვილმა 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრაზილიელ სანტიაგო ბრანდაოს 8:0 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლიტველ ლაიმუტის ადომაიტისს დაეჭიდება. ასევე მეოთხედფინალშია მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაიაც, რომელმაც ტურნირი ბერძენი ქსენოფონ კუციუმპასის ძლევით (8:0) გახსნა და წინ ტუნისელ რადუან ჩებისთან შეხვედრა ელის.

0.127273