პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 36-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი "ვესტ ჰემს" ჰყავს. "ჩაქუჩების" მხრიდან მეკარე ადრიანი გამოარჩიეს. ესპანელმა "ვესტ ბრომვიჩთან" მოგებულ (3:0) მატჩში რამდენიმე ეპიზოდში იხსნა საკუთარი გუნდი. გოლის ავტორები შეიხუ კუიატე და მარკ ნობლი (დუბლი) ასევე საუკეთესო გუნდში მოხვდნენ.
"ასტონ ვილა" დიდი ხანია გავარდა პრემიერლიგიდან და 36-ე ტურში "უოტფორდთან" სტუმრად 2:3 წააგო. ბირმინგემელთა მხრიდან პირველი გოლის ავტორი კიარან კლარკი გამოარჩიეს. მცველის აქტიურობამ ფუჭად ჩაიარა, რადგან 90-ე წუთზე ტროი დინიმ გაათანაბრა და თავდამსხმელმა ბოლო წუთზე კვლავ გაიტანა, გუნდს მოაგებინა და სიმბოლურში ადგილი დაისაკუთრა.
"ლესტერი" ჩემპიონი გახდა. "მანჩესტერთან" მატჩში უეს მორგანმა მარტიალის გოლი გაქვითა და იამაიკელი სიმბოლურში შეიყვანეს. "ჩელსიმ" "მელიებს" ნაადრევად გაამარჯვებინა. "სტემფორდ ბრიჯზე" ჰარი კეინის და სონ ჰიუნგ-მინის გოლებით "ტოტენჰემი" იგებდა, თუმცა გარი კეჰილმა ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა, შემდეგ კი აზარმა თანაქალაქელებს საჩემპიონო ოცნება დაუმსხვრია. "ჩელსის" მხრიდან" ინგლისელი მცველი გამოარჩიეს.
და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგაზე გადართული "მანჩესტერ სიტი" "საუთჰემპტონმა" შინ 4:2 დაამარცხა. სიმბოლურში "წმინდანების" მხრიდან ჰეთთრიკის შემსრულებელი საიო მანე, ხოლო "ქალაქელების" მხრიდან დუბლის ავტორი კელეჩი იჰეანაჩო შევიდნენ. ასევე საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მოხვდა ანდრე აიუ, რომელმაც "ლივერპულთან" მოგებულ (3:1) საშინაო შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.
მეკარე: ადრიანი ("ვესტ ჰემი")
მცველები: კიარან კლარკი ("ასტონ ვილა"), უეს მორგანი ("ლესტერი"), გარი კეჰილი ("ჩელსი"), ლეიტონ ბეინსი ("ევერტონი")
ნახევარმცველები: სადიო მანე ("საუთჰემპტონი"), შეიხუ კუიატე, მარკ ნობლი (ორივე "ვესტ ჰემი"), ანდრე აიუ ("სუონსი")
თავდამსხმელები: კელეჩი იჰეანაჩო ("სიტი"), ტროი დინი ("უოტფორდი")