სეუ ჟოზეს მთელი ღამე "ლესტერი" ესიზმრებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ეს კოშმარული სიზმარი იყო, მაგრამ დიდაც საამოც არაფერია იმაში, რომ ამ სიზმრებს თან ერთი ჭაღარა, სათვალიანი კაცის სილუეტიც გასდევდა. აღარაფერს ვამბობთ დოინჯშემოყრილ დგომაზე, რაც სეუსათვის რაღაცნაირი, ერთგვარი გამოწვევის ტოლფასი იყო.
"ლესტერ სიტის" ჩემპიონობა მართალია სიზმარში არასოდეს უნახავს ვან გაალს, მაგრამ ჭეშმარიტად დიდ თავსატეხად იქცა მისთვის. შენ - დიდსა და დიადს, რომელსაც სამყარო სულ სხვანაირად გენარინჯისფერება, განა ადვილია ირწმუნო, რომ ამ ქვეყნად ფულის, ნიჭისა და იღბლის იქით კიდევ არსებობს რაღაც, რაც ხანდახან სწორედ მაშინ იფეთქებს, როდესაც ყველაზე ნაკლებად მოელი.
გვარდიოლას ფიქრისა და სიზმრებისათვის ერთი შეხედვით ყველაზე ნაკლებად ეცალა, მაგრამ ემოციურმა ბუნებამ მაინც თავისი ქნა და სადაც კი უნდა ყოფილიყო - სტადიონზე თუ სახლში, კაფეში თუ ავტომობილში, ფიქრები თავში მაინც ჭიანჭველასავით დაუდიოდა. "ნუთუ რაღაც გამეპარა?", "ნუთუ ისე იცვლება ირგვლივ ყველაფერი?". პეპმა კარგად იცოდა, რომ ასეთ ფიქრებს სხვას თითქმის არასოდეს უმხელენ ხოლმე, მაგრამ მასაც კი გაუჭირდა გულში შეენახა და რამდენიმე სიტყვა ჟურნალისტებთანაც კი წამოსცდა. აბა ასეთი წამოცდენა იქნება?...
ფაბიო კაპელო სახლში იჯდა და ვაშლს თლიდა, როდესაც საინფორმაციო გამოშვების სპორტულმა წამყვანმა მშობლიურ ენაზე "ლესტერის" ჩემპიონობა ამცნო. დაფიცებული ჰქონდა, ფეხბურთს კარგა ხანს აღარ ვუყურებო, მაგრამ რა დროს ფიცი და სიტყვის გატეხვაა, როდესაც ასეთ მოულოდნელ ამბავს იგებ. წამსვე თავისკენ მიიცურა "ლეპტოპი" და სათვალეც ჩვეულებასამებრ წინ წამოიწია. დიდი შემეცნებისა და ფიქრთა ღამე ელოდა წინ.
იოაჰიმ ლიოვი ლუდით იურგენ კლოპისა და ასევე იურგენის, ოღონდ კლინსმანის სადღეგრძელოს სვამდა და მეორე ხელით გულში მჯიღს იცემდა სიტყვებით: "ვინა ბიჭო, ვინაა ტო? ეგ იტალიელი ვინაა?!" და მიუხედავად იმისა, რომ წინ არც ერთი იურგენი არ ეჯდა, მის ირგვლივ ლუდის ცარიელი ბოკლები ისე მწყაზრად იყო მიმოფანტული, კაცი იფიქრებდა, დიდი წვეულების ნამუსრევებს ვათვალიერებო. წვეულება კი ამ დროს სულ სხვა ალაგას იმართებოდა.
"ლესტერ სიტის" ჩემპიონობა ყველაზე უმტკივნეულოდ ფათიჰ თერიმმა აღიქვა. "ჩვენ რა ხეირი ამით" - თქვა ეფენდი ფათიჰმა და ულვაშიდან ჩაის წინწკლები ჩამოიბერტყა. საერთოდ ასეთი ჩვევაც ჰქონდა - როდესაც ამბავი ნაკლებად აინტერესებდა, იმას ცოცხალი თავით არ მოისმენდა. ან რატომ უნდა მოესმინა? თუ კარგია მასზე ელაპარაკათ და იგი ექოთ! რა, თავის დროზე ვინმეზე ნაკლები ბიჭი იყო?!...
და რანიერი... განა ვინმე იფიქრებდა რომ ეს ჩუმჩუმელა და ბოლო პერიოდში ნამეტანავად წარუმატებელი კაცი "ლესტერისთანა" უფერულ კლუბს გააჩემპიონებდა? ამას ალბათ თავად კლაუდიოც კი ყველაზე ნაკლებად დაიჯერებდა სეზონის დასაწყისში. მაგრამ, რომში, მინიზელის ქუჩაზე ცხოვრობს მამა ფილიპი, რომელიც კლაუდიო რანიერის მოძღვარია აგერ უკვე 30 წელიწადია. ამბობენ, მხოლოდ მამა ფილიპმა იცის წლევანდელი ლესტერული სასწაულის მიზეზიო. იცის, მაგრამ იტყვის რო?...