ფეხბურთი

13:41 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა, როგორც მოურინიო და განაწყენებული მიუნხენელები...

პეპ გვარდიოლას მოღვაწეობა მიუნხენის “ბაიერნში” ისე სრულდება, რომ ესპანელმა სპეციალისტმა “რეკორდმაისტერს” ჩემპიონთა ლიგა ვერ მოაგებინა. თუმცა, გვარდიოლა მიუნხენში გატარებული პერიოდით მაინც კმაყოფილია და მის მემკვიდრე კარლო ანჩელოტის წარმატებას უსურვებს.

“ატლეტიკოს” კომპლიმენეტებს ვუძღვნი ფინალში გასვლის გამო. ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ეს ყოველთვის დამსახურებულად არ ხდება. სამ სეზონში ფინალში ვერ გავედით. იმედია, ანჩელოტი მომდევნო სეზონებში ამის გაკეთებას მოახერხებს, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ, რაც აქ გავაკეთე. გაცუდებული პენალტი? – ამ ეპიზოდის გამო არ გამოვარდნილვართ. ეს, ისეთი თამაში იყო, რომელიც თითოეული ეპიზოდისგან შედგებოდა”, - ბრძანა გვარდიოლამ.

პეპის გარდა, თამაშის შემდეგ კომენტარები მიუნხენელთა სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს – არტურო ვიდალის აზრით, “ატლეტიკო” საშინელი გუნდია და ფინალში დაუმსახურებლად გავიდა, ხოლო კარლ ჰაინც რუმენიგე და ფილიპ ლამი ყველაფერს უიღბლობას აბრალებენ.

“საოცარი თამაში იყო. 100 მომენტი შევქმენით, მაგრამ მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ. ფეხბურთი ასეთია, ახლა ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მოგებაზე ვფიქრობთ. საშინელებაა, როდესაც ასეთი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადის, ხოლო მსოფლიოს საუკეთესო გუნდი სახლში მიდის”, - განაცხადა ვიდალმა.

“ბიჭებმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და მილანში წასვლა დაიმსახურეს. დამწუხრებული ვარ, გუნდის გაკრიტიკება არ შეიძლება, მათ ყველაფერი გააკეთეს გასამარჯვებლად”, - თქვა რუმენიგემ.

“გუნდის ბრალი არაფერია. ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ გამოდგა”, - განაცხადა მიუნხენელთა კაპიტანმა.

სხვთა შორის, გვარდიოლამ მოურინიოს მსგავსი შედეგი აჩვენა. მოგეხსენებათ, “განსაკუთრებულმა” “რეალი” ისე დატოვა, ჩემპიონთა ლიგა ვერ მოაგებინა და ლიგის ნახევარფინალში სამჯერ დამარცხდა. ზუსტად ანალოგიური შედეგით ტოვებს გვარდიოლაც მიუნხენს...

0.116257