აწ უკვე ოფიციალურად ინგლისის ჩემპიონი “ლესტერის” ბიუჯეტი მიმდინარე სეზონის შედეგების გათვალისწინებით 150 მილიონი გირვანქა სტერლინგით შეივსება. როგორც BBC სპორტული კვლევებისა და მარკეტინგის კომპანია Repucom-ის გამოთვლებზე დაყრდნობით იუწყება, მთლიანობაში ამ ოდენობის თანხას მიიღებს კლუბი საპრიზო ფონდიდან, ბილეთების გაყიდვით და ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობით. დამატებით შემოსავალს მოუტანს ლესტერელებს მთელ მსოფლიოში მათი გულშემატკივრების გაზრდილი რაოდენობა და სპონსორები.
ინგლისის ჩემპიონი საპრიზო ფონდიდან, პრემიერლიგაში მონაწილეობისთვის დაწესებულ 54 მილიონთან ერთად, დამატებით 25 მილიონს გამოიმუშავებს. ამასთანვე, კლუბებს ცალკე შემოსავალი აქვთ მათი მონაწილეობით ჩატარებული მატჩების ტრანსლაცებიდან. ეს თანხა თითო მატჩზე 880 ათასს შეადგენს. მიმდინარე წელს ტელევიზიით “ლესტერის” 16 თამაში აჩვენეს, რამაც კლუბს 14 მილიონი გირვანქა მოუტანა. კვლევების თანახმად, 2015-2016 წლების სეზონში მსოფლიოში “ლესტერის” ტელემაყურებელთა რაოდენობა 23 პროცენტზე მეტით გაიზარდა.