თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულებული “ნონას თასის” გამარჯვებული ისრაელის წარმომადგენელი ემილ სუტოვსკი (2622) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და სომეხ ჰოვანეს გაბუზიანს (2593) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
მე-3 ადგილზე რუსი ევგენი რომანოვი (2635) გავიდა, რომელიც ლიდერებს 0.5 ქულით ჩამორჩა და ბელარუს სერგეი ჟიგალკოს (2647) დამატებითი მაჩვენებლებით გაასწრო.
მეხუთე-მეთორმეტე პოზიციები 8 მოჭადრაკემ გაიყო, რომელთა აქტივშიც 6.0-6.0 ქულა გახლდათ. მათ შორის მერაბ გაგუნაშვილი (2569), კონსტანტინე შანავა (2516), ლევან ფანცულაია (2604), შოთა აზალაძე (2470), ბაადურ ჯობავა (2672) და სალომე მელიაც (2420) მოხვდნენ.
“ნონას თასის” B ჯგუფში პირველობა რამაზ ენდელაძეს (1896) ერგო, რომელმაც 7.5 ქულა მოაგროვა და ლიკა კობეშავიძეს (1929) 0.5 ქულით გაასწრო.