შვედეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრა “გეტებორგსა” და “მალმიოს” შორის 77-ე წუთზე მომხდარი ინციდენტის გამო შეწყდა. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო შეხვედრის არბიტრმა მას შემდეგ, რაც “მალმიოს” ნახევარმცველმა ტობიას სანამ მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებს კუთხურის ალამი ესროლა.
მოედნის განაპირად მოთელვაზე გამოსული ფეხბურთელის აღშფოთება მის სიახლოვეს ქომაგთა სექტორიდან ნასროლი პეტარდის აფეთქებამ გამოიწვია. ამის საპასუხოდ ისროლა სანამ ალამი. სიტუაცია მეტისმეტად დაიძაბა, რის გამოც მსაჯმა თამაში შეწყვიტა და ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანა. ამ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო.
მომხდარზე შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.