საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი" საქველმოქმედო ფონდ "თანადგომა 2014" -თან ერთად აგრძელებს კეთილ საქმიანობას. მერანელები წინა თვეში, დიდ ჭყონში კორთხონჯიების ოჯახს დაეხმარნენ, ახლა კი "მერანის" ფეხბურთელები, გუნდის მთავარი მწვრთნელი, კლუბის დირექტორი და "თანადგომა 2014" - ის ხელმძღვანელი სალხინოში, სოციალურად დაუცველ ბასილაიების ოჯახს ესტუმრნენ. ძნელია სიტყვებით გადმოსცე, თუ როგორ გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება მაკა ჟვანიას და მის მეუღლეს სამი მცირეწლოვან შვილთან ერთად.
ძალიან დიდი სითბო და სიხარული შეიტანეს მერანელებმა ბასილაიების ოჯახში. სურსათ-სანოვაგის გარდა, კლუბის დირექტორი ელდარ ბაკურია ფინანსურად დაეხმარა ბასილაიებს, აქვე უნდა აღინიშნოს ექსმერანელი ფეხბურთელის, ლევან გეგეჭკორის ღირსეული საქციელი. მარტვილელმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად განათხოვრებით ქობულეთის "შუქურაში" თამაშობს, როცა გაიგო, რომ კლუბი სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად მიდიოდა, 100 ლარი გადმოგვცა და გვთხოვა მიგვეტანა მათთვის.
მართლაც, რომ სასიამოვნო და სამაგალითოა ჩვენი გუნდის მადლიანი საქმიანობა, "მერანი" ფონდ "თანადგომა 2014"-სთან აქტიურად თანამშრომლობს და გუნდის განცხადებით მათი მხრიდან ქველმოქმედება სისტემატურად გაგრძელდება.
“მერანის” პრესსამსახური