26 აპრილს, სპორტის სამინისტროში, ძალოსნობის ფედერაციასა და მსოფლიოში ძალოსნობის ინვენტარის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელ თურქულ კომპანია Werksan-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს კომპანიის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ - ჩეიჰუნ ოზქულიმ და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა. მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
თურქული კომპანია Werksan-ის ინვენტარი არის სერტიფიცირებული ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მიერ. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ Werksan-ისგან მიიღო შეთავაზება, რომ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ეს კომპანია იქნება ინვენტარის ოფიციალური მომწოდებელი. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობას ივნისის ბოლოს თბილისი მასპინძლობს.
სპორტის სამინისტროს პრესსამსახური