36 წლის მეკარე ზვიად კუპატაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც უეფა-ს ფუტსალის თასის მოგება მოახერხა. მან ამ წარმატებას რუსული “იუგრას” მაისურით ესპანურ გვადალახარაში გამართულ “ოთხთა ფინალში” მიაღწია.
იუგრელები ნახევარფინალში ლისაბონის “ბენფიკას” დაუპირისპირდნენ და ფავორიტად მიჩნეულ მეტოქეს პენალტების სერიაში სძლიეს. მატჩის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, დამატებით პერიოდებში გუნდებმა თითოჯერაც იხეირეს, თერთმეტმეტრიანებში კი რუსულმა კლუბმა 3:2 იმარჯვა.
კუპატაძე, რომელიც ამავდროულად “იუგრას” კაპიტანიც გახლავთ, ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა, მატჩის 25:36-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა: არბიტრმა ზვიადს საჯარიმოს გარეთ ხელით თამაში არ აპატია. ცხადია, წითელ ბარათს დისკვალიფიკაციაც მოჰყვა და ქართველ მეკარეს ფინალის გამოტოვება მოუხდა.
გადამწყვეტი შეხვედრა არანაკლებ დრამატული გამოდგა. იუგრელებს მეტოქედ ესპანური “ინტერი” ჰყავდათ და ცხადია, მასპინძლებს ქომაგთა მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდათ. რუსულ კლუბს ფეხბურთელი ამ თამაშშიც გაუძევეს, თუმცა, ეს ბოლო წუთზე მოხდა და “ინტერმა” იმ დროისთვის არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა.
საბოლოოდ, ფუტსალის თასის დებიუტანტმა “იუგრამ” 4:3 მოიგო და საჩემპიონო თასი სწორედ კუპატაძემ აღმართა. საინტერესოა, რომ ზვიადი რუსულ კლუბში ერთადერთი ქართველი არაა. “იუგრას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტები ბესიკ ზოიძე და სერგეი ქორიძე არიან. ესპანური ტრიუმფის შემდეგ, ქართული დროშა სწორედ ამ სამეულმა შემართა.