კალათბურთი

14:11 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიტვას 72:67 მოუგო

ჩინეთში საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ მყოფმა საქართველოს 18 და 20-წლამდელთა გაერთიანებულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ერთ-ერთ მოწინავე – ლიტვის ახალგაზრდულ ნაკრებს სძლია – 72:67.

ქართველები ბალტიისპირელებს 3 დღის წინაც შეხვდნენ, თუმცა ჩინური ტურნირის პირველი შეხვედრა 60:69 დათმეს. გასულ მატჩში ჩერქეზიშვილის გუნდი უფრო მობილიზებული და შეთამაშებული იყო, რაც შედეგშიც აისახა. პირველი პერიოდი ქართველებმა მძლავრად ჩაატარეს და 19:8 იმარჯვეს, რის შემდეგაც ბალტიისპირელებმა საქმე გამოასწორეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.

მესამე პერიოდი უმნიშვნელოვანესი გამოდგა, რომელიც ქართველებმა 3 ქულით მოიგეს და ბოლო ათწუთეულს 5-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. გადამწყვეტ პერიოდში ლიტველებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ქართველებმა არ დათმეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.

შედეგიანად გაისარჯა მაიზერ რევაზაშვილი, რომელიც 23 ქულით ბომბარდირი გახდა. გამოსარჩევია გიგი გოგობერიშვილის თამაშის მიწურულს ჩაგდებული სამქულიანი, რომელსაც ლიტველთა ჯარიმა და რუსთაველი ფორვარდის ბონუს-ქულაც მოჰყვა.

საერთაშორისო ტურნირ „ატლასი 2016“-ის მონაწილეები დღეს დაისვენებენ და თამაშებს, უკვე სხვა ქალაქში, 26 აპრილიდან გააგრძელებენ. ამ დღეს საქართველოს ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებს შეხვდება.

18/20-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი „ატლასი 2016“

საქართველო – ლიტვა 72:67 (19:8, 14:23, 24:21, 15:15)

საქართველო: გიორგაძე (9), ზაქრაძე (10), რევაზაშვილი (23), გოგნაძე (10), კორსანტია (7), ფევაძე (4), გოგობერიშვილი (4), ფიფია (2), ცხოვრებოვი (1), გვიანიძე (2).

www.gbf.ge

0.115174