ფეხბურთი

12:00 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც მცველი ხარ და 52 მატჩში გაფრთხილებას არ იღებ...

თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მწვანე მინდორზე ყვითელი ბარათი არ მიეღოს. მით უფრო თუ მოთამაშე მცველია და თანაც, ცენტრალური. მაგრამ, ტურინის "იუვენტუსის" 22 წლის უკანახაზელი დანიელე რუგანი სერია A-ს ისტორიაში მაინც შევიდა.

საქმე ისაა, რომ დანიელემ გუშინ ფლორენციის "ფიორენტინასთან" (2:1) მოგებული მატჩის 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ეს ნიჭიერი ფეხბურთელისთვის პირველი გაფრთხილება იყო იტალიის უძლიერეს ლიგაში. არადა, რუგანის სერია A-ში 53 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან სუფთად თამაში მიმდინარე წელს 14-ჯერ მოახერხა, ხოლო გასულ სეზონში "ემპოლის" რიგებში 38 თამაშში ერთხელაც არ მიუღია ყვითელი ბარათი (თან უკლებლივ ყველა სათამაშო წუთი მოედანზე გაატარა).

მოკლედ, ეს ისტორია საკმაოდ უცნაურია. მით უმეტეს საქმე იტალიის ჩემპიონატსა და იტალიელ მცველს ეხება. თუმცა, როგორც ჩანს, რუგანი, რომელზეც სამშობლოში უდიდესი იმედი მყარდება, ძველ სტერეოტიპებს ამსხვრევს...

0.11519