საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპირველობა უნგრეთის ნაკრების მშრალი ანგარიშით (5:0) ძლევით გახსნა. შემდეგ კი საბერძნეთი (4:1) და პოლონეთი (4:1) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი მოგება აშორებს.
ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. ევროპირველობის მასპინძლებმა ფინალის გზაზე ლიტვა, ჩეხეთი და ევროპის შარშანდელი ჩემპიონი საფრანგეთი ჩამოიშორეს.