“ვალენსიას” დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა პაკო აიესტარანმა, შესაძლოა, აღნიშნულ პოსტზე მუშაობა მომავალ სეზონშიც განაგრძოს – იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.
როგორც ცნობილი გახდა, “ღამურების” სპორტული დირექტორი ხესუს გარსია პიტარჩი კმაყოფილია აიესტარანის მუშაობით და მისი დარჩენის ვარიანტს აქტიურად განიხილავს.
ცნობისთვის, პაკო 2001-2004 წლებში “ვალენსიაში” რაფაელ ბენიტესის ასისტენტად მუშაობდა და კლუბს ლა ლიგისა (2-ჯერ) და უეფას თასის მოგებაში დაეხმარა.
ორიოდე თვის წინ, ის უკვე გარი ნევილის ასისტენტის რანგში დაუბრუნდა “მესტალიას”, ხოლო ინგლისელის განთავისუფლების შემდეგ, მას მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ანდეს.
პაკოს ხელმძღვანელობით “ლოს ჩემ” 4 თამაშის ჩატარება მოასწრო, საიდანაც სადებიუტო მატჩში “ლას პალმასთან” გასვლაზე დამარცხდა (1:2), ხოლო შემდგომ 3 შეხვედრა მოიგო მიჯრით. “ღამურებმა” შინ “სევილიას” და “ეიბარს” მოუგეს, ხოლო გასვლაზე “ბარსელონა” დაამარცხეს და აიესტარანი “ვალენსიას” ისტორიაში მეათე მწვრთნელი გახდა, რომელმაც “ნოუ კამპზე” ადგილობრივი კლუბის დამარცხება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ გარი ნევილმა “ვალენსიას” სულ 3-ჯერ მოაგებინა ლა ლიგაში და ამისთვის 16 მატჩი დასჭირდა.