21 აპრილს ოლიმპიაში, ჰერას ტაძრის ნანგრევებთან ოლიმპიური ცეცხლი აგიზგიზდა. ტრადიციულ საზეიმო ცერემონიალს ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. სტუმართა შორის იყვნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და რიო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე კარლოს ნუზმანი. ოლიმპიური ცეცხლის დანთების პატივი წილად ხვდა ბერძენ მსახიობს კატერინა ლეჰუს.
“ცეცხლის დანთების ცერემონია, პირველ ყოვლისა არის კავშირი წარსულსა და და ღევანდელობას შორის, - განაცხადა თომას ბახმა, - დაახლოებით სამი ათასი წლის წინ აქ, ამ წმინდა მიწაზე იმართებოდა პირველი ანტიკური თამაშები და ამ შესანიშნავმა წამოწყებამ ჩვენამდე მოაღწია. ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ბერძენ ხალხს, რომელმაც მსოფლიოს ასეთი დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა”.
ამით სტარტი აიღო 95-დღიანმა ცეცხლოვანმა ესტაფეტამ. ოლიმპიური ცეცხლი ერთ კვირას საბერძნეთში დაჰყოფს, იქიდან კი, შვეიცარიის გავლით 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაში – ბრაზილიაში გაემგზავრება. ოლიმპიური ცეცხლი ბრაზილიის 400-მდე დასახლებულ პუნქტს მოივლის, 5 აგვისტოს კი მარაკანას სტადიონზე, ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე აინთება.
www.geonoc.org.ge