საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) ბოლოდროინდელი პროგრესი რუსეთის ქალაქ ყაზანში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფით გაგრძელდა. ძიუდოისტმა, რომელმაც მხოლოდ ახლახან შეძლო რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ზონაში დამკვიდრება, ევროკონკურენციაში ყველას დაანახა, რომ ბრაზილიაში ოლიმპიური ტიტულისთვის საბრძოლველად მიდის.
მარგველაშვილმა რუსულ ტატამზე წაუგებლად იჭიდავა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. შეჯიბრება პორტუგალიელ ანდრე სუარეშთან დაჭიდებით გახსნა და მოწინააღმდეგეს ბეჭებზე დასანარცხებლად წუთნახევარი აკმარა. იპონითვე, 2 წუთში გაუსწორდა თურქ სინან სანდალს. შემდეგ კი, ევროტიტულზე ფიქრი ორ უმთავრეს ფავორიტს დაასრულებინა – მეოთხედფინალში ვაჟა მარგველაშვილმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი არსენ გალსტიანი შეარცხვინა მშობლიური ტრიბუნების თვალწინ – მოწინააღმდეგის იუკოს წილ შესრულებული ვაზარით. ნახევარფინალში კი პირველ ნომრად განთესილ ბელარუს დმიტრი შერშანს ოქროს დროში შესრულებული იუკოთი მოუმთავრა საქმე.
ოქროს წერტილი კი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოდგა – გადამწყვეტ ბრძოლაში მარგველაშვილმა ბრიტანელ კოლინ ოუტსს მეოთხე წუთის ბოლოს შესრულებული ეფექტური სუფთა გდებით სძლია და ჩემპიონის ტიტულთან ერთად 400 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა (VIDEO).
დღესვე, მამაკაცთა შორის მედლები 60 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ ევროპის 2013 წლის ჩემპიონმა ამირან პაპინაშვილმა იჭიდავა. ირაკლი უზნაძის გუნდის უმსუბუქეს წევრს შანსი ჰქონდა, ევროპოდიუმზე ზედიზედ მეხუთედ ასულიყო, მაგრამ მიზნამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა.
პაპინაშვილი ყაზანში მეორე ნომრად იყო განთესილი. შეჯიბრებაში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და ფინელ იუჰო რეინვალს ხუთ წუთში ვაზარი და იუკო შეუსრულა. ძირითად ბადეში გამოსვლა კი მეოთხედფინალში დაასრულა მომავალ ჩემპიონთან - ფრანგ ვალიდ ხიართან მარცხით. მეოთხე წუთის მიწურულს ამირანი ვაზარიზე წამოეგო და შებოჭვაზე მოჰყვა.
რეპეშაჟის ნახევარფინალში ამირანმა ოქროს დროში აღებული იუკოთი ჩამოიშორა აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი. "ბრინჯაოს ფინალში” კი იტალიელ ელიოს მანცისთან, უილეთო შეხვედრაში, მსაჯისგან ერთით მეტი შიდო მიიღო (2:1) და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
მამაკაცების პარალელურად, რუსულ ტატამზე ევროსამეულები ქალთა სამ უმსუბუქეს წონით კატეგორიაშიც შეივსო. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი სამივე წონაში ჰყავდა, მაგრამ ტურნირს ყველა საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.
ოლღა ალადოშვილმა (48 კგ) პირველი მეტოქე – სლოვენიელი კრისტინა ვრსიჩი ზუსტად ერთ წუთში შებოჭა, მაგრამ მეორე წრეში რუმინალ მონიკა უნგურეანუსთან უკვე თავად გაძლო მხოლოდ ერთი წუთი. მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ) და სალომე აბაშიძემ (57 კგ) კი ევროპირველობაზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს. ჯანაშვილმა უნგრელ კატინკა სზაბოსთან თანაბარ, უილეთო ბრძოლაში ერთადერთი გაფრთხილებით წააგო, ხოლო აბაშიძემ ბულგარელ იველინა ილიევასთან 40 წამი გაძლო.
ხვალ ევროპის ჩემპიონატზე მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში და ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ესტერ სტამი (70 კგ). ავთანდილ ჭრიკიშვილი რუსულ ტატამზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავა.
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ყაზანი
21 აპრილი
მამაკაცები
60 კგ
1 ვალიდ ხიარი (საფრანგეთი)
2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)
3 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)
3 ელიოს მანცი (იტალია)
5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
2 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)
3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)
3 ფაბიო ბასილე (იტალია)
ქალები
48 კგ
1 შერლინ ვან სნიკი (ბელგია)
2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)
3 დილარა ლოკმანეკიმი (თურქეთი)
3 მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი)
52 კგ
1 მაილინდა კელმენდი (კოსოვო)
2 პრისცილა ნეტო (საფრანგეთი)
3 ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)
3 იულია რიჟოვა (რუსეთი)
57 კგ
1 ოტომნ პავია (საფრანგეთი)
2 იველინა ილიევა (ბულგარეთი)
3 ნორა გჟაკოვა (კოსოვო)
3 ტიმნა ნელსონ ლევი (ისრაელი)