სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:55 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა დოლიძე: “დღესდღეობით დახარჯულია 11 მილიონ ლარზე მეტი, მთლიანობაში კი 2016 წლისთვის განკუთვნილი პროგრამის ბიუჯეტი 40 200 000 ლარია”
ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდის საქმიანობაზე

“ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს” ზაზა დოლიძე ხელმძღვანელობს, რომლის მოადგილეც გიორგი კალანდაძეა. ზაზა დოლიძე რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი დირექტორია და ამდენად, ქართულ ფეხბურთში კარგადაა ჩახედული.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ოფისი სპორტის ახალ სასახლეშია და დოლიძესთან ჩვენი ინტერვიუც იქ შედგა. პირველად ხდება, რომ კლუბებს მონიტორინგი დაუწესდათ და ანგარიშის წარდგენა უწევთ ფონდისთვის, თუ რაში დახარჯეს გადაცემული თანხა. ასე რომ, ძველებურად ჰარი-ჰარალოზე აღარაა – თუ არამიზნობრივად დახარჯავენ, თავად კლუბისთვისაა ცუდი, რადგან ფული აღარ ექნება.

ზაზა დოლიძე: - თანხის გადარიცხვები დაახლოებით მარტის შუა რიცხვებიდან დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით ასეა: ფონდს მუნიციპალიტეტებიდან მიღებული აქვს 4 612 766 ლარი, ამას დაემატა 2 000 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ჩვენს მიერ კლუბებისთვის გადარიცხულია 5 426 835 ლარი (48 კლუბი), მანამდე კი კლუბებს მუნიციპალიტეტიდან ფონდის მუშაობის დაწყებამდე მიღებული ჰქონდათ 5 991 563 ლარი.

ფონდი კვარტალში ერთხელ გამოაქვეყნებს ანგარიშს, თუ რა თანხა შემოდის ჩვენთან, როგორია მიზნობრიობა და რომელი კლუბი რა დაფინანსებას იღებს. დღესდღეობით სახელმწიფოს მხრიდან 11 000 000 ლარზე მეტია დახარჯული. უმრავლესობა კლუბებისთვის გასტუმრებულია სახელფასო დავალიანება და მიმდინარე ხარჯები, დარჩა მხოლოდ რამდენიმე კლუბი, რომელსაც მარტის თვის ხელფასები არ გაუცია და ისინიც უახლოეს დღეებში მიიღებენ საჭირო თანხებს.

- წლეულს მთლიანად რა ოდენობის თანხა მიეცემა კლუბებს?

- 40 200 000 ლარი. ეს 2016 წელს პროგრამით დამტკიცებული ბიუჯეტია. აქედან 35 400 000 კლუბების საბაზისო დაფინანსებაა, ხოლო დანარჩენი ჩემპიონატის საპრიზო ფონდი, სტიმულირება, სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამები და ასე შემდეგ.

უსამართლოდ რომ გვაკრიტიკებენ და ზეპირად საუბრობენ, აქამდე რაში იხდიდნენ კლუბები ფულს, უნდა გენახათ: ფეხბურთელთა ჯარიმებში, არალოგიკურ პრემიებში, (მაგალითად, მეორე ლიგის გუნდი 1000 ლარს ითხოვს თამაშის მოგებაზე, პირველი ლიგის გუნდი, რომელიც გასავარდნ ზონაშია, 200 ლარს ფრეზე და ასე შემდეგ), ლიცენზირების არ ან ვერ გავლისთვის 50 000 ლარიანი ჯარიმები და სხვა.

ერთ-ერთმა მუნიციპალურმა კლუბმა 75 000 ლარი მარტო ლეგიონერთა რეგისტრაციაში დახარჯა, რომელიც შეიძლებოდა უფრო ეფექტური მიმართულებით დაეხარჯა. ვფიქრობთ, ესეთი ხარჯები კერძო ინვესტიციების მოზიდვით უნდა დაიფაროს და არა სახელმწიფოს მიერ მიცემული სახსრებით.

სახელმწიფო თანხა არ უნდა მიედინებოდეს იმაში, ფეხბურთელი მსაჯს რომ შეაგინებს და დისკვალიფიკაციას მისცემენ. ეს ფეხბურთელმა უნდა გადაიხადოს.

ხარჯები ბევრად მეტია, ვიდრე მუნიციპლაიტეტები გვირიცხავენ. ყოველდღიურად შემოდოდა მოთხოვნები და როცა ელემენტარული რამ მოუნდებათ, იმაზეც რეკავდნენ. ნელ-ნელა ასეთ სიტუაციებს ვალაგებთ. 1 ივლისიდან ასე აღარ იქნება, ფონდთან წინასწარ შეთანხმდება კლუბების ბიუჯეტი, თუ რა რაში გაიხარჯება და დაფინანსებაც დროულად მიეცემათ ყველას მათი მოთხოვნის საფუძველზე.

- ანუ, თანხა მოთხოვნის საფუძველზე მიეცემათ კლუბებს, მაგრამ თუ საშუალება არ აქვთ და ვეღარ აგრძელებენ ჩემპიონატს? მაგალითად, გაურკვეველი იყო ”ცხინვალის” ბედი.

- “ცხინვალს” წლის მეორე ნახევრიდან ასაღებ თანხას გადავცემთ წინასწარ და მერე მოაკლდებათ. სწორედ ესაა საქმე, რომ მუნიციპალური კლუბების უმრავლესობას წლევანდელ ბიუჯეტში შარშანდელი დავალიანება დაუჯდა. ასე არ უნდა მომხდარიყო, მინუს 500 000 ლარით არ უნდა დაეწყოთ კლუბებს წელი. ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის შემუშავებული და მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამით უკვე სხვა სიტუაციაა, თავად კლუბებიც იძულებულნი იქნებიან, არამიზნობრივად არ ხარჯონ თანხა.

როცა გიჭირს, 70 000 ლარიანი ავტობუსი არ უნდა იყიდო. ამ ფულით ათი წელი შეიძლება იმგზავრო ავტობუსის დაქირავებით. ჩვენ სწორი გზა ავირჩიეთ, გამოვაცხადებთ ერთიან ტენდერებს და ძირითად შესყიდვებს უფრო ეფექტურად განვახორციელებთ. ამის მერე თავად კლუბები გადაწყვეტენ: თუ მათ კერძო შემოსავალი აქვთ, შეუძლიათ თანხა დაამატონ და ძვირადღირებული ფორმა შეიძინონ, ან ძვირადღირებულ სასტუმროში წავიდნენ შეკრებაზე, მაგრამ თუ არ აქვს სხვა შემოსავალი, თავის ნებაზე ვეღარ გახარჯავენ კუთვნილ სახსრებს.

- როგორც ვიცით, ერთიან ფონდს სხვადასხვა მიმართულებები აქვს და წლეულს უმეტესად საბაზისო თანხას გასცემთ. გაისიდან რას უნდა ველოდოთ?

- 2017 წლიდან აქცენტი გაკეთდება ბავშვთა ფეხბურთზე, ინფრასტრუქტურაზე, მწვრთნელთა განათლებაზე, სპორტულ მედიცინაზე, მენეჯერების კურსებზე, დაზღვევაზე.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.131168