კალათბურთი

22:57 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

„სოხუმმა“ პლეი ოფის ოთხეული შეავსო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა 27-ე ტურიდან გადმოტანილი მატჩში ერთმანეთს „სოხუმი“ და „მგზავრები-არმია“ შეხვდნენ. ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. "სოხუმმა" 72:59 იმარჯვა და რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „ბათუმის“, „ქუთაისი-2010“-სა და „დინამოს“ დარად, პლეი ოფში თამაში გაინაღდა.

შეხვედრა „სოხუმის“ უპირატესობით დაიწყო და ეს გუნდი ათუაშვილისა და ჯგერენაიას ორქულიანების შემდეგ, 4:0 დაწინაურდა. მალე „მგზავრები-არმიამ“ ანგარიში გაათანაბდა - 4:4. ამის შემდეგ უპირატესობას „სოხუმი“ დაეუფლა და დროის გარკვეული მონაკვეთის 12:0 მოგების შემდეგ, 16:4 დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, ზღვისპირელებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა „მგზავრები-არმიას“ მსროლელმა გიორგი ორმოცაძემ დააგროვა, მაგრამ მისმა გარჯამ თანაგუნდელებს ვერ უშველა. „სოხუმის“ მხრიდან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირი, ამერიკელი უკანახაზელი ფილიპ მილერი გახდა. მისი თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლი (14 ქულა და 12 მოხსნა) ცენტრალურმა თავდამსხმელმა სერგო ათუაშვილმა შეასრულა. დაბლ-დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა „სოხუმის“ კიდევ ერთ კალათბურთელ ლევან ფაცაციას, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 9 მოხსნაა. ანდრე სმიტთან (13 ქულა) ერთად, ძირითადად, ამ კალათბურთელების დამსახურებაა, რომ „სოხუმმა“ უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩის მოგება შეძლო და პლეი ოფში თამაში ვადამდე ადრე გაინაღდა.
სოხუმი - მგზავრები-არმია 72:59 (16:6, 16:11, 19:16, 21:26)

0.110226