ათენის “პანათინაიკოსი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ალეკსანდარ ჯორჯევიჩთან თანამშრომლობა ევროლიგაში წარუმატებელი თამაშის გამო შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ ევროლიგის პლეი-ოფში ბერძნული გრანდი თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” დაუპირისპირდა და 0:3 განადგურდა. სერიის მე-3 შეხვედრას გუშინ ათენმა უმასპინძლა, თუმცა, “პაომ” ბასკებს ვერაფერი მოუხერხა და 75:84 წააგო.
სამწუხაროა, რომ გასულ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ კალათბურთელს, რომელმაც მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ჯერაც ტრავმას იშუშებს. თავად შენგელიამ “ლაბორალ კუჩას” ვებ-გვერდს განუცხადა, რომ მოედანზე დაბრუნებას ამ სეზონშივე იმედოვნებს.
სასიხარულოა, რომ მიუხედავად ტრავმიანობისა, ბასკეთში ჩატარებული მატჩების აფიშებზე, ლეგენდარული დიმიტრის დიამანტიდისის საპირწონედ, სწორედ თორნიკე იყო გამოსახული და ის არც იმ ბანერზე დავიწყნიათ, რომელიც “ლაბორალ ლუჩას“ საიტზე “ოთხთა ფინალის” საგზურის მოპოვების შემდეგ განთავსდა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის “ოთხთა ფინალის” 3 მონაწილის ვინაობა უკვე გარკვეულია. გადაწყვეტილია, რომ ნახევარფინალში “ლაბორალ კუჩა” სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” ეთამაშება, მოსკოვის ცსკა-ს სავარაუდო მეტოქე კი “ბარსელონა” იქნება. კატალონიელები ყუბანის “ლოკომოტივს” 2:1-ს უგებენ და საბოლოოდ წარმატებისთვის, ხვალ, მე-2 საშინაო თამაშის მოგებაც ეყოფათ.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ “ოთხთა ფინალს” გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს. ნახევარფინალები 13 მაისს გახლავთ დაგეგმილი, ხოლო მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი – 15 მაისს.