სერხიო აგუერომ ინგლისის პრემიერლიგაში მეასე გოლი გაიტანა. საიუბილეო ნიშნულს არგენტინელმა ფორვარდმა გუშინ, “ნიუკასლ იუნაიტედთან” (1:1) მატჩში უწია. კუნმა აღნიშნული რაოდენობის გოლების გატანა 147 პრემიერლიგურ მატჩში მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ მან ინგლისის მთავარ ლიგაში 100-ჯერ მეტოქეთა დამწუხრება 5 წლის ინტერვალში მოახერხა, მასზე უკეთესი შედეგი ასეთ დროში კი მხოლოდ ალან შირერს აქვს ნაჩვენები. ისე კი, იგი 25-ე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში მინიმუმ 100 გოლის გატანა შეძლო.
აგუერო “სიტიში” 2011 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობს. სადებიუტო გოლი კი იმავე წლის აგვისტოში, “სუონსი სიტის” გაუტანა. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელს 27 შეხვედრაში 22 გოლი გაუტანია და საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის იბრძვის.
რაც შეეხება კონკრეტულად 100 გოლს, 27 წლის შემტევმა ყველაზე მეჯერ “ნიუკასლს” გაუტანა – 11. შემდეგ მოდიან “ტოტენჰემი” და თანაქალაქელი “მანჩესტერ იუნაიტედი” – შესაბამისად, 10 და 7.
74 ბურთი მან მარჯვენა ფეხით შეაგდო, 19 მარცხენათი, ხოლო 7 თავით. საჯარიმო დარტყმით მას არ გაუტანია, პენალტის ნიშნულიდან კი ზუსტად 13-ჯერ დაარტყა. 59 გოლო “ეტიჰად სთედიუმზე” გაიტანა, დანარჩენი 41 კი, გასვლით მატჩებში.