იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს მორიგი რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ “ბებერმა ქალბატონმა” ბოლო 23 ტურში 22 მატჩი მოიგო და შესაძლო 69 ქულიდან 67 მოიპოვა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი კი 23 თამაშში აქამდე არცერთ იტალიურ გუნდს არ ჰქონია.
“იუვეს” პოზიტიური სერია მე-11 ტურში დაიწყო, როდესაც ტურინულ დერბიში “ტორინოს” ხუან კუადრადოს 93-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო (2:1). მას შემდგომ “იუვემ” ყველა თამაშის მოგება მოახერხა, გარდა ერთისა: 19 თებერვალს, მასიმილიანო ალეგრის გუნდი “რენატო დალ არაზე” “ბოლონიას” (0:0) დაუზავდა.
სწორედ ამ ხანგრძლივი სერიის დამსახურებაა, რომ ახლა “იუვენტუსი” სკუდეტოს მოგების მთავარი და თითქმის ერთადერთი კანდიდატია, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 10 ტურის შემდეგ “იუვე” მეორე ათეულში იყო მოკალათებული.
სხვათა შორის, იტალიელმა ჟურნალისტებმა საინტერესო სტატისტიკური მონაცმეები დათვალეს, რომელიც “ბიანკონერისა” და კლაუდიო მარკიზიოს უკავშირდება – “იუვე” მარკიზიოსთან ერთად შეხვედრების 71%-ს იგებს, ხოლო როდესაც მოედანზე 30 წლის ნახევარმცველი არ იყო, მაშინ ტურინელებმა მხოლოდ 47%-ის მატჩების მოგება მოახერხეს. მოგეხსენებათ, მარკიზიო კვირას, “პალერმოსთან” მატჩში მძიმედ დაშავდა და თავის გუნდს 6 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.