რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურში სამარის “კრილია სოვეტოვმა” მოსკოვის “დინამოს” სტუმრად მოუგო (1:0). აღნიშნულ მატჩში საკმაოდ კარგად ითამაშა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში თავისი გუნდი გოლისგან იხსნა (VIDEO).
როგორც ქართველმა ფეხბურთელმა Р-Спорт-თან ინტერვიუში განაცხადა, იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშე არაა და მოსკოვში გამარჯვება მთლიანად გუნდის დამსახურებაა. ლორიამ ისიც დასძინა, რომ მისი აზრით, მთავარია გუნდმა გოლი არ გაუშვას და გატანაზე ფიქრი მერეც შეიძლება.
- “დინამოსთან” რამდენიმე კარგი სეივი შეასრულეთ. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხართ?
- დიდი მადლობა, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი რამ. არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა.
- ბოლო ორ თამაშში “კრილიას” გოლი არ გაუშვია. დაცვაში თამაში გააუმჯობესეთ თუ უბრალოდ დამთხვევაა?
- მთელი გუნდი კარგად თამაშობს. ამიტომაცაა, რომ გოლი არ გაგვიშვია.
- რამდენად მნიშვნელოვანი გახლდათ ეს გამარჯვება, მითუმეტეს კონკურენტმა “უფამაც” მოიგო...
- ძალიან ძლიერი თამაში იყო, სატურნირო ცხრილის მხრივ მნიშვნელოვანი. გამარჯვება ნამდვილად გვჭირდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, გაგვიმართლა და ახლა ჩვენი მდგომარეობა ცხრილში გაუმჯობესდა.
- “კრილიას” სამარაში არ მოუგია. რამდენად მნიშნელოვანია მომდევნო მატჩის მოგება “ურალთან”, თუ მთავარი არწაგებაა, სატურნირო ცხრილში პოზიციები რომ არ დათმოთ?
- პირველ ყოვლისა, მთავარია გოლი არ გაუშვა, შემდეგ კი, თუ შანსი მოგეცემა, გაიტანო.