ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) კვალიფიკაციაში ჩაერთო, თუმცა, ძირითად ბადეში ვერ გააღწია. შაფათავა მე-7 ნომრად განთესილ ჩეხ ტერეზა მარტინცოვას დაუპირისპირდა და 2:6, 6:1, 3:6 დამარცხდა.
ახლა, სოფო TEB BNP Paribas Istanbul Cup-ის წყვილთა შეჯიბრში ჩაებმება, სადაც მის გარდა ძალებს ეკატერინე გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვაც მოსინჯავენ. შაფათავა და რუსი მარინა მელნიკოვა მერვედფინალში რუმინელებს – ელენა ბოგდანს და კრისტინა დინუს ეთამაშებიან.
მე-2 განთესვა გააჩნიათ კალაშნიკოვას და შვედ იოჰანა ლარსონს, რომლებიც თურქებს – აილა აკსუს და მელის სეზერს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხებათ გორგოძეს და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას, ისინი ესპანელ ლაურა პოუს-ტიოს და ჩეხ რენატა ვორაცოვას გაეჯიბრებიან.