სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:36 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატს მარკიზიო დააკლდება

ტურინის “იუვენტუსის” წამყვანმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ მიმდინარე სეზონი დაასრულა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელს მარცხენა მუხლზე სერიოზული დაზიანება აღენიშნება, რის გამოც მას უახლოეს დღეებში ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება. როგორც ცნობილი ხდება, მარკიზიოს აღდგენით პროცესს 6 თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის არათუ წლევანდელი სეზონი დასრულდა, არამედ იგი ვერც საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ეს კი, ანტონიო კონტეს ფორმაციის იტალიის ნაკრებისთვის ძალზე სერიოზული დანაკლისი იქნება.

კლაუდიომ უმძიმესი ტრავმა დღეს, სერია A-ს კალენდარულ მატჩში “პალერმოსთან” მიიღო, შეხვედრის მე-15 წუთზე მეტოქე ფრანკო ვასკესთან შეჯახებისას.

იტალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 თამაშის გამართვა მოასწრო, მაგრამ გოლი არ გაუტანია. ამჟამინდელი ვარაუდით, იგი მოედანს მხოლოდ ოქტომბერში თუ დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116586