საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მესამე დღე ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის გარეშე ჩაამთავრა.
დღეს საქმეში ვასილ იმერლიშვილი (98 კგ) და სანდრო დიხამინჯია (130 კგ) ჩაებნენ, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ პოდიუმის პირველი-მეორე საფეხურები მათ გარეშე შეივსება.
იმერლიშვილი საწყის ეტაპზევე 0:8 დამარცხდა ბელარუს ტიმაფეი ძეინიჩენკასთან და შეჯიბრებას გამოეთიშა. დიხამინჯიას კი სალიცენზიო ნორმატივის შესრულებამდე ნახევარფინალში გერმანელი ედუარდ პოპის ძლევა დააკლდა (0:2). იქამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა ბერძენი ქსენოფონ კუციუმპასი ჩამოიშორა (3:2). რეპეშაჟის ფინალში კი სლოვაკ ტამას სოოსს დაეჭიდება.
ზრენიანინში დღეს საპრიზო სამეულები თავისუფალი სტილით ჭიდაობის ორ უმძიმეს წონით კატეგორიაში: 97 და 125 კილოგრამებშიც უნდა შეივსოს. საქართველოს ნაკრებს ამ წონებში ლიცენზიები უკვე მოპოვებული აქვს და შესაბამისად, სერბულ ხალიჩაზე არც ერთი ჩვენებური არ გასულა.