ჭიდაობა

23:53 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორ-ორი ვერცხლის და ლიცენზიის დღე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშების მეორე ლიცენზია მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს კი სალიცენზიო ნორმატივი ექვსი წონითი კატეგორიიდან უკვე ხუთში აქვთ შესრულებული.

სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე დღეს რიოს საგზური ორმა ქართველმა გაინაღდა: ბერძენ-რომაელთაგან ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ), ხოლო თავისუფლებიდან - იაკობ მაქარაშვილმა (74 კგ). დილის პროგრამა ორივემ წაუგებლად ჩაამთავრა. ფინალში გასვლა კი ლიცენზიის განაღდებას ნიშნავდა.

დათუნაშვილმა ფინალის გზაზე ბულგარელი ილიან ტოდოროვ გეორგიევი (3:2), თურქი ემრაჰ სულეიმან კუში (3:1) და სომეხი კარაპეტ ჩალიანი (2:1) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი სერბ ვიქტორ ნემეშს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ მცირე ტრავმის გამო აღარ გარისკა და მეტოქეს ოქროს მედალი უბრძოლველად დაუთმო.

მაქარაშვილს პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად აზერბაიჯანელი ჯაბრაილ ჰასანოვის ძლევა დააკლდა (0:11). იქამდე კი სამი მეტოქე ჩამოიშორა: ბერძენი ალექსანდროს სამანიდისი (10:0), გერმანელი მარტინ ობსტი (7:6) და ესპანეთის ნაკრების წევრი ტაიმურაზ ფრიევ ნასკიდაევა (12:8).

დღესვე, სალიცენზიო ბრძოლაში რობერტ ქობლიაშვილიც (85 კგ) ჩაერთო, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში 1:6 წააგო ჩეხეთის ნაკრების წევრ არტურ ომაროვთან.

ხვალ სერბულ ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები: ვასილ იმერლიშვილი (98 კგ) და სანდრო დიხამინჯია (130 კგ) გავლენ.

0.12963