სხვა

21:03 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტალახაძის 3 ოქრო! (+VIDEO)
ქართველმა ძალოსანმა ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა

22 წლის ლაშა ტალახაძემ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით მოიგო. ქართველმა ძალოსანმა მძიმეწონოსანთა (+105 კგ.) შეჯიბრში ექვსივე მისვლა გამოიყენა და უახლოეს კონკურენტს 21 კილოგრამით (!) აჯობა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ ტალახაძემ ჯამში 3 ოქროს მედალი მოიპოვა. იგი საუკეთესო იყო ატაცში, აკვრაში და ჯამური შედეგითაც.

ლაშამ პირველ მოძრაობაში 200, 207 და 212 კილოგრამი დასძლია და ამ უკანსკნელი მისვლის ხარჯზე, ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა.

აკვრაში ქართველი ძალოსანი სხვებისგან კიდევ უფრო გამოირჩეოდა, 235, 241 და 251 კგ-იანი შტანგა ასწია და კონკრეტულად ამ მოძრაობაში უახლოეს კონკურენტს 12 კგ-ით აჯობა.

საერთო ჯამში, ლაშამ თავი 463 ქულას მოუყარა და ტურნირის უმთავრეს ვარსკვლავად იქცა, ვერცხლის მედალი სომეხ გორ მინასიანს (442, 205+237) ერგო, მესამეზე კი ესტონელი მარტ სეიმი (424, 185+239) გავიდა.

ცნობისთვის, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძეს ატაცში 207 კგ. ჰქონდა, აკვრაში – 247 კგ. და ჯამში 454 კგ. ამგვარად, ქართველმა გოლიათმა საერთო მონაგარს 9 კგ. წაუმატა და ისიც სჩანს, რომ მას მომატების პოტენციალი გააჩნია. მოკლედ, 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების წინ, ლაშამ დიდი იმედები ჩაგვისახა.

მძიმე წონაში ფიცარნაგზე 2015 წლის ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძეც ვიხილეთ, თუმცა, მანდ 6 ცდიდან მხოლოდ 2 გამოიყენა და ჩვეული შედეგი ვერ აჩვენა. თურმანიძემ ჯამში 410 კგ. (190+220) მოაგროვა და მე-7 ადგილი დაიკავა.

0.121038