სხვა

18:07 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

არის პირველი ვერცხლი!
ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს პირველი მედლები მოუტანა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ნორვეგიულ ფიორდეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველ წარმატებას მიაღწია. თავის გამოჩენა ქალთა მძიმე წონის (+75) მონაწილე ანასტასია გოტფრიდმა შესძლო, რომელმაც ორივე მოძრაობაში მე-2 შედეგი აჩვენა, ჯამშიც ვერცხლის მედალი მოიპოვა და რიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობაც გაინაღდა.

აღსანიშნავია, რომ ანასტასიამ ექვსივე ცდა გამოიყენა, მხოლოდ სომეხ ჩემპიონ ჰრიპსიმ ხურშუდიანს ჩამორჩა და საქართველოს ძალოსნობის ისტორიაში პირველი ქალი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. გოტფრიდმა ატაცში 106, 110 და 113 კილოგრამიანი შტანგა დასძლია, აკვრაში კი – 128, 132 და 136 კგ.

თავის მხრივ, ხურშუდიანმა ატაცში ასევე 113 კგ. ასწია და უფრო მსუბუქი პირადი წონის გამო, მცირე ოქრო მიიღო, აკვრაში კი ქართველ ძალოსანს 1 კგ-ით აჯობა (137 კგ), თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ბოლო ცდა აღარ გამოუყენებია.

საბოლოოდ, სომეხმა სპორტსმენმა 250 კგ. მოაგროვა, ჰოტფრიდმა – 249 კგ, ბრინჯაო კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ მერსი ბრაუნს (230 კგ.) ერგო, რომელიც ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩა.

ცნობისთვის, გოტფრიდი 25 აპრილს მხოლოდ 20 წლის ხდება და მომატების დიდი პოტენციალი გააჩნია. მაგალითად, გასული წლის მსოფლიოს ჩემიონატზე ანასტასიას შედეგი 263 კგ. (121+142) გახლდათ, რითაც ის ევროპირველობას ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოიგებდა.

დღესვე ფიცარნაგზე 105 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ვაჟები გავიდნენ და საქმეში 2 ქართველი ძალოსანიც ვიხილეთ. საბოლოოდ, 18 წლის გიორგი ჩხეიძემ 381 კგ-ით (170+211) მე-9 შედეგი აჩვენა, ხოლო 30 წლის ალუდა მანაგაძე – 377 კგ-ით (175+202) მე-11 იყო.

ძალოსნობის ქართველი მოყვარულებისთვის ყველაზე საინტერესო ამბები თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება, როდესაც პრიზიორების ვინაობა ვაჟთა მძიმე წონაში (+105 კგ) გაირკვევა. აქ ფიცარნაგზე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ირაკლი თურმანიძეს ვიხილავთ. პირდაპირ ტრანსლაციას თვალი შეგიძლიათ, ევროსპორტის საშუალებით მიადევნოთ.

0.256666