სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეორე დღე ქართველებისთვის პირველზე წარმატებული გამოდგა. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საგზური ორმა ჩვენებურმა გაინაღდა: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე იაკობ მაქარაშვილმა (74 კგ). ოლიმპიური ნორმატივი ორივემ ფინალში გასვლით მოიპოვა.
დათუნაშვილმა დილის პროგრამაში ბულგარელი ილიან ტოდოროვ გეორგიევი (3:2), თურქი ემრაჰ სულეიმან კუში (3:1) და სომეხი კარაპეტ ჩალიანი (2:1) დაამარცხა და ფინალში სერბ ვიქტორ ნემეშს დაეჭიდება.
მაქარაშვილმა ლიცენზია ბერძენი ალექსანდროს სამანიდისის (10:0), გერმანელი მარტინ ობსტისა (7:6) და ესპანეთის ნაკრების წევრ ტაიმურაზ ფრიევ ნასკიდაევას (12:8) ძლევით გაინაღდა. ოქროს მედლისთვის კი აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვს შეხვდება.
დღესვე, სალიცენზიო ბრძოლაში რობერტ ქობლიაშვილიც (85 კგ) ჩაერთო, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში წააგო ჩეხეთის ნაკრების წევრ არტურ ომაროვთან.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.