ფეხბურთი

14:00 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“შახტარი” და “სევილია” – ანდრეს პალოპის ამოძახილი...

ევროპა ლიგის ნახევარფინალში მოქმედი გამარჯვებული “სევილია”, რომელსაც საერთოდაც ბოლო ორი გათამაშება აქვს მოგებული, დონეცკის “შახტარს” ეთამაშება და ტიტულის დაცვას აღნიშნულ მატჩში შეეცდება. ამ გუნდებს შორის ისეთი დაპირისპირება გამართულა, წესით, უინტერესო არც დამდეგი თამაში უნდა გამოვიდეს...

უეფას თასზე, 2006-2007 წლების სეზონის მერვედფინალში სევილიაში მასპინძლები მარცხისგან იტალიელმა ენცო მარესკამ იხსნა და მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა. თუმცა, ეს ანგარიში განმეორებითი თამაშის წინ მაშინაც ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს ბევრს ვერაფერს აძლევდა, დონეცკში კი “შახტარი” მსაჯის კომპესირებულ წუთებში 2:1 იგებდა, როდესაც შეტევაში “სევილიელი დალაქების” კარის დარაჯი ანდრეს პალოპი ჩაერთო და... და, ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში “სევილია” შემდეგ ეტაპზე ხავიერ ერნესტო ჩევანტონის გოლმა გაიყვანა. შემდეგ უეფას თასი სწორედ “სევილიამ” მოიგო.

მაშინდელ მატჩებში უკრაინელთაგან ითამაშეს დარიო სრნამ, ვიაჩესლავ შევჩუკმა და ალექსანდრ კუჩერმა, რომლებიც დღესაც “შახტარში” არიან. ხოლო მწვრთნელი მაშინაც მირჩა ლუჩესკუ გახლდათ. სამაგიეროდ, ესპანელთა შორის ასეთი არავინაა.

“სევილია” ევროპა ლიგის (უეფას თასის) ნახევარფინალში ოთხჯერაა ნამყოფი და ოთხჯერვე ჩემპიონი გახდა. შარშან მათ ამავე ეტაპზე ფლორენციის “ფიორენტინას” ორი მატჩის ჯამში 5:0 აჯობეს (2:0, 3:0).

რაც შეეხება “შახტარს”, მასაც 100%-იანი შედეგი გააჩნია. 1 ნახევარფინალი და 1 მოგება. ეს 2008-2009 წლების სეზონში გახლდათ, როცა საბოლოოდ ტურნირიც დონბასელებმა მოიგეს. მაშინ ლუჩესკუს გუნდმა ნახევარფინალში კიევის “დინამოს” მოუგო ორი მატჩის ჯამში 3:2.

თავად ლუჩესკუს თქმით, კი 9 წლის წინ “სევილიას” გაუმართლა, რადგან მის გუნდს 10 წამი დააკლდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

მირჩა ლუჩესკუ (“შახტარის” მთავარი მწვრთნელი): “ასეთ ეტაპზე ყველა მეტოქე ძლიერია და რთული თამაშებია. 9 წლის წინ მეტოქეს გაუმართლა. 10 წამიც და მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავიდოდით. არმგონია, რომ ასეთი თამაში ახლაც შედგეს, რადგან “სევილია” ახლა სხვა გუნდია. მაშინდელმა ყველა ფეხბურთელმა კლუბი დატოვა. ჩვენ გვინდა, რომ რევანში ავიღოთ, მაგრამ ეს ძალიან მძიმე გასაკეთებელი იქნება. ცუდია, რომ პირველ თამაშს საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ”.

რამონ როდრიგესი (“სევილიას” სპორტული დირექტორი”): “ჩვენი მიზანი იყო თავიდან აგვეცილებინა ესპანური გუნდი, რადგან ფინალი გვინდა, რომ ესპანური იყოს. ამისათვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ახლა ჩვენი ბარიერი უნდა გადავლახოთ. ჩვენ ვეთამაშებით ძალიან ძლიერ გუნდს, რომელსაც ჰყავს მაღალი დონის ბრაზილიელი ფეხბურთელები და ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც დარიო სრნა და პიატოვი არიან, მაგრამ მე მჯერა “სევილიასი”.

შეგახსენებთ, “შახტარის” ევროპა ლიგის განაცხადში ქართველი გიორგი არაბიძეც იმყოფება, მაგრამ 18 წლის ნიჭიერ შემტევს ჯერჯერობით ამ ტურნირზე თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. ვნახოთ, ანდობს თუ არა მას ლუჩესკუ რამდენიმე წუთს ფინალში გადასასვლელ შეხვედრებში.

0.12992