ჭიდაობა

23:31 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიცენზია და ვერცხლ-ბრინჯაო

ზრენიანინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჭიდაობაში პირველი დღის პროგრამა დასრულდა და ქართველთა ანგარიშზე ორი მედალი და ოლიმპიური თამაშების ერთი ლიცენზიაა. რიო 2016-ის საგზური ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) მოიპოვა, ვერცხლის მედლით. პოდიუმის მესამე საფეხურზე კი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) ავიდა.

ბოლქვაძემ (66 კგ) მერვედფინალით დაიწყო, სადაც ნორვეგიელ თომესენს დაეჭიდა და 6:0 მოუგო. მეოთხედფინალში ბულგარელ ივანოვიჩს ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე (9:0). ნახევარფინალში კი პოლონელ დავიდ კარეჩინსკის სძლია (5:0).

საჩემპიონო ბრძოლაში ქართველი მოჭიდავე უნგრელ ტამას ლორინცთან დამარცხდა (1:6).

ბერძენ-რომაელებმა დღეს ლიცენზიები და მედლები უმსუბუქეს წონით კატეგორიაში - 59 კილოგრამშიც გაათამაშეს. საქართველოს სახელით კონკურენციაში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი რევაზ ლაშხი ჩაერთო და მერვედფინალში პოლონელ ერსეტიჩს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია. მეოთხედფინალში კი ნორვეგიელ ბერგესთან 2:6 წააგო და ოლიმპიადის საგზურისკენ მიმავალი სერბული გზა ჩაეკეტა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ხალიჩები 57 და 65 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეებს დაეთმოთ. საქართველოს ნაკრებს უმსუბუქეს წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჯერ კიდევ შარშან მოუპოვა ოლიმპიადის საგზური. 65 კილოგრამში კი სალიცენზიო ბრძოლაში ზურაბ იაკობიშვილი ჩაერთო და მიზნამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა - ნახევარფინალში უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკის დაეჭიდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ბოლო ქულის უპირატესობით კი ფინალის და რიოს საგზური კვიატკოვსკის დარჩა.

ამ ბრძოლამდე იაკობიშვილმა ორი უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა: გერმანიის ნაკრების წევრ სემისოროვთან (6:5) და თურქ მუსტაფა კაიასთან (11:10). რეპეშაჟის ფინალში კი საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ნიკო არზუმანიდისს დაუპირისპირდა და 13:2 სძლია.

ხვალ სალიცენზიო ბრძოლაში კიდევ სამი ქართველი ჩაებმება. ბერძენ-რომაელთაგან ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ) და ევროპირველობის ვერცხლის პრიზიორი რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ), ხოლო თავისუფალ სტილში - ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74 კგ).

0.127451