სხვა

1:34 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური თამაშები და უსაფრთხოება

მასშტაბური სპორტული შეჯიბრებები, მათ შორის – ოლიმპიური თამაშები დიდი ხანია იქცა ტერორისტების სამიზნედ. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო წლებში, როცა სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფების სასტიკი ძალადობის მსხვერპლნი ლამის ყოველდღიურად ხდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

ბრაზილიის სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ ოლიმპიადის დღეებში შესაძლოა გააქტიურდნენ ტერორისტული დაჯგუფების – ე. წ. “ისლამური სახელმწიფოს” მომხრეები. როგორც სააგენტო როიტერი იტყობინება, ამგვარი განცხადება გააკეთა ბრაზილიის დაზვერვის სააგენტოს ანტიტერორისტული განყოფილების უფროსმა ლუის ალბერტუ სალაბერიმ:

“ალბათობა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ტერორისტების სამიზნე გახდეს, გაიზარდა ამ ბოლო თვეებში, სხვადასხვა ქვეყანაში გახშირებული ტერორისტული შეტევების შემდეგ და იმის გათვალისწინებითაც, რომ იმატა იმ ბრაზილიელ მოქალაქეთა რიცხვმა, რომლებიც იზიარებენ “ისლამური სახელმწიფოს” იდეოლოგიას”.

ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბრაზილიაში იქმნება 1 500-კაციანი ანტიტერორისტული ცენტრი. მასში გაერთიანდებიან არმიის დანაყოფები, სამოქალაქო და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები, აგრეთვე – ბრაზილიის სპეცსამსახურების თანამშრომლები.

გარდა ამისა, კიბერტერორიზმის აღსაკვეთად 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს 200 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. საერთო ჯამში, საოლიმპიადოდ მობილიზებული იქნება 85 ათასი ადამიანი პოლიციელების, სამხედრო მოსამსახურეებისა და მეხანძრეების ჩათვლით.

www.geonoc.org.ge

0.146998