ფეხბურთი

19:03 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” ჩვეული და “სიტის” უჩვეულო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ წყვილში მადრიდის “რეალი” ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” ეთამაშება. ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 2012-2013 წლების სეზონში, ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ რობერტო მანჩინის გუნდმა ჯგუფში 3 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა, ძალზე დაძაბული შეხვედრები გაიმართა.

პირველ ტურში მადრიდში “რეალმა” კრიშტიანუ რონალდუ 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. არადა, მანამდე ედინ ჯეკომ “ქალაქელები” დააწინაურა, შემდეგ მარსელომ გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე ალექსანდრ კოლაროვმა წინ ისევ “სიტი” გაიყვანა და თითქოს მანჩესტერელებს უნდა მოეგოთ, მაგრამ... მაგრამ დარჩენილ 5 წუთში ქარიმ ბენზემამ და ზემოხსენებულმა რონალდუმ “სამეფო გუნდს” მოაგებინეს.

საპასუხო მატჩში კი გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. მე-10 წუთზე ანგარიში ბენზემამ გახსნა, რომელსაც კუნ აგუერომ 73-ეზე პენალტით უპასუხა – 1:1.

მცირე რამ სტატისტიკით:

“რეალს” ინგლისურ გუნდებთან 8 თამაშია არ წაუგია და ბოლო სამი საერთოდ მოგებული აქვს. მადრიდში მისი მაჩვენებელი ინგლისელებთან ასეთია: 7 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება. მთლიანობაში კი – 32 მატჩი, 13 მოგება, 9 ფრე, 10 წაგება, 47 გატანილი და 38 გაშვებული გოლი.

“სიტის” მიმდინარე სეზონში ერთი ესპანური გუნდი უკვე დამარცხებული ჰყავს. პელეგრინის გუნდმა ჯგუფში “სევილიას” 2:1 და 3:1 აჯობა.

სევილიაში მოგებული თამაში “სიტისთვის” ესპანეთში მეორე იყო. (2 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება). ჯამში კი ესპანურ გუნდებთან “ქალაქელები” შემდეგნაირად თამაშობენ: 15 მატჩი, 5 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება, 25 გატანილი და 24 გაშვებული გოლი.

“სიტისთან” დაპირისპირება “რეალისთვის” 27-ე ნახევარფინალი იქნება, როგორც ჩემპიონთა თასზე, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. წინა 26 შემთხვევიდან მადრიდული გრანდი ფინალში 13-ჯერ გავიდა. რაც შეეხება ბოლო პერიოდს, “რეალი” საუკეთესო ოთხ გუნდში ზედიზედ მეექვსედ მოხვდა. თავის მხრივ, “სიტის” აღნიშნულ ეტაპზე დებიუტი ექნება.

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი 2009-2010 წლების სეზონში “რეალს” ავარჯიშებდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალამდე მიიყვანა, სადაც ფრანგულ “ლიონთან” დამარცხდა (0:1, 1:1).

კრიშტიანუ რონალდუ მეორე მანჩესტერ გუნდ “იუნაიტედში” თამაშობდა 2003-2009 წლებში, სადაც 196 მატჩში 84 გოლი გაიტანა (მხოლოდ პრემიერლიგის მასშტაბით). ინგლისის ჩემპიონატი მან 2007, 2008 და 2009 წლებში მოიგო, ხოლო 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის თასსაც დაეუფლა. თავის მხრივ 2009 წელს, ფინალში “ბარსელონასთან” დამარცხდა. რონალდუს “სიტის” წინააღმდეგ 7-ჯერ მოუგია, სამჯერ წააგო, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პორტუაგალიელ ფეხბურთელს “ეტიჰად სთედიუმზე” წითელი ბარათი ორჯერ მიუღია – 2004 წლის მარტში და 2008 წლის ნოემბერში.

სერხიო აგუეროს მადრიდის “ატლეტიკოში” თამაშისას ხუთი წლის განმავლობაში “რეალი” არ დაუმარცხებია. მისი შედეგი “სამეფო გუნდთან” ასეთია: 3 ფრე, 8 წაგება. ხსენებულ წაგებულ შეხვედრებში კი სამი გოლი აქვს გატანილი.

0.115317