კალათბურთი

11:26 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაიანტმა კარიერის ბოლო მატჩში 60 ქულა ჩააგდო

ლოს ანჯელეს “ლეიკერსის” და მთლიანად კალათბურთის ლეგენდამ 37 წლის კობი ბრაინატმა კარიერა დაასრულა. გამთენიისას კობიმ კარიერის ბოლო შეხვედრა ჩაატარა, სადაც 60 ქულა ჩააგდო (VIDEO). “ლეიკერსმა” “იუტას” 101:96 აჯობა. კობიმ 60 ქულას, 4 პასი, ოთხი მოხსნა, ერთი ჩაჭრა და 1 ბლოკი შემატა. “შავმა მამბამ” 21-დან 6 სამქულიანი, 29-დან 16 ორქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო სროლა ჩააგდო. მატჩის შემდეგ კობიმ გულშემატკივრებს პარკეტიდანვე მიმართა.

“დაუჯერებელია, რა სწრაფად გავიდა 20 წელი, ეს ნამდვილი სიგიჟეა. აქ ვარ თქვენთან ერთად დარბაზში, ჩემი გუნდი ჩემს უკან დგას, ეს 20 წელი ერთად გავიარეთ წარმატებებით და წარუმატებლობებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდექით. ბავშვობიდან “ლეიკერსს” ვგულშემატკივრობდი. აქ გატარებულ 20 წელზე უკეთესს ცხოვრებაში ვერაფერს გავაკეთებდი. მადლობა მაყურებლებს თქვენი მხარდაჭერისთვის, მოტივაციისთვის და ინსპირაციისთვის. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ 20 წლის განმავლობაში ყველა მეუბნებოდა რომ პასი მიმეცა, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ყველა მეუბნებოდა, რომ მათთვის პასი არ მიმეცა. თამაში ძალიან ლამაზი იყო, წარმოუდგენელია, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იყავით და სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამდენად გაფასებთ. მთელი გულით გიხდით მადლობას, მიყვარხართ ძალიან. დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს და ქალიშვილებს მათ მიერ გაღებული მსხვერპლისთვის, მთელი იმ წლების განმავლობაში, როცა მე დარბაზში ვვარჯიშობდი, ჩემი მეუღლე ოჯახს უძღვებოდა, არ არსებობს სიტყვები, რომ ამისთვის მადლობა გადაგიხადო. სხვა რა შემიძლია ვთქვა, მამბა წავიდა”- განაცხადა კობი ბრაიანტმა.

1996 წელს კობი ბრაიანტი დრაფტზე მე-13 ნომრად “შარლოტ ჰორნეტსმა” აირჩია, თუმცა კობი გაცვლის შემდეგ “ლეიკერსში” მოხვდა, სადაც 20 წელი ითამაშა. ამ დროში “შავმა მამბამ” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 5-ჯერ მოიგო (2000, 2001, 2002, 2009, 2010) 18-ჯერ “ოლ სტარზე” ითამაშა, “ოლ სტარსზე” 4-ჯერ “მვპ” გახდა, 2-გზის ფინალური სეზონის “მვპ”, ერთგზის რეგულარული სეზონის “მვპ”. 1997 წლის ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული, “ლეიკერსის” ყველა დროის საუკეთესო მექულე. კობი ნბა-ს საუკეთესო მექულეებს შორის 33 583 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. რეგულარულ სეზონებში მამბამ 7043 მოხსნა, 6302 პასი, 1943 ჩაჭრა, 639 ბლოკი-შოტი გააკეთა.

კობი ბრაიანტმა 20 წლიანი კარიერა დაასრულა, ის იყო კალათბურთის და “ლეიკერსის” ერთგული. მისი წასვლით კალათბურთი ხიბლს კარგავს.

0.141012