ფეხბურთი

3:38 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" შემდეგ ეტაპზე, "ბენფიკა" თავაწეული გავარდა (+VIDEO)

მიუნხენის “ბაიერნს” გაუჭირდა, მაგრამ ნახევრიფნალის საგზური მაინც მოიპოვა და ტიტულის მოგებისთვის ბრძოლას აგრძელებს. “ბენფიკამ” კი, მიუხედავად მისი აუსტაიდერის სტატუსისა ბოლომდე იბრძოლა და ამ გუნდის მიმართ მხოლოდ ქება თუ შეგვიძლია დავიშუროთ. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ დღევანდელ შეხვედრაში მათ საუკეთესო ფეხბურთელი ჟონასი აკლდათ დისკვალიფიკაციის გამო.

“ბენფიკამ” მიუნხენშიც ბოლომდე ითამაშა, მომენტები იქაც ჰქონდა და ლისბაონური შეხვედრაც კარგად დაიწყო. პორტუგალიელმა ელიზეუმ რბილი ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ორ მცველს შორის რაულ ხიმენესმა იმარჯვა და ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდში ცალკე აღნიშვნის ღირსია მანუელ ნოიერის გაუაზრებელი სქციელი. მსოფლიოს საუკეთესო მეკარე კარიდან დაუფიქრებლად გამოვარდა და ბურთს ისეთი მანძილით ასცდა, ცოტა გაუგებარია, რისი გაკეთება უნდოდა. მოკლედ, როგორც იყო, “არწივებმა” ორმატჩიან რაუნდში წონასწორობა აღადგინა. “ბაიერნმა” ნელ-ნელა სადავეები ხელთ იგდო და ტაიმის ბოლოს სასურველ შედეგსაც მიაღწია, ცოტა გაუმართლა. ფილიპ ლამის ფლანგური გადაცემა მეკარე ედერსონმა ჩაჭრა, თუმცა მისი მოგერიებული ბურთი არტურო ვიდალს მიუვიდა და ცარიელ კარში ერთი შეხებით ეფექტურად გაიტანა.

მეორე ტაიმის დაწყება და მიუნხენელთა გოლი ერთი იყო, რითაც ნახევარფინალში გამსვლელის ვინაობა ფაქტობრივად გაირკვა. ჩაბი ალონსოს კუთხურისას დიდებულად ხავი მარტინესმა ითამაშა, საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ტომას მიულერს საგოლედ უპასა – 1:2. მიუხედავად ჩამორჩენისა, მასპინძლები არ დანებებულან და შედეგიც მოიმკეს. ბრაზილიელმა ანდერსონ ტალისკამ საჯარიმო ჩინებულად დაარყა და ნოიერს შანსი არ დაუტოვა – 2:2. დარჩენილ დროში “ბენფიკამ” მეტის გაკეთება ვეღარ მოასწრო და მართალია, ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ თავაწეული დატოვა ტურნირი. “ბაიერნი” კი ახლა ნახევარფინალში ახალ მეტოქეს დაელოდება.

“ბენფიკა” – “ბაიერნი” 2:2 (1:1) (მიმოხილვა)

ლისაბონი, “და ლუჟი”

მაყურებელი: 66 000

“ბენფიკა” (4-2-3-1): ედერსონი; ალმეიდა, ლინდელოფი, ჟარდელი, ელიზეუ (იოვიჩი 88); ფეისა, რენატო სანჩესი; სალვიო (ტალისკა 68), პიცი (გუედეში 58), კარსელა-გონსალესი; ხიმენესი

მწვრთნელი: რუი ვიტორია

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, კიმიხი, მარტინესი, ალაბა; ვიდალი, ალონსო (ბერნატი 90), ალკანტარა; დუგლას კოშტა, მიულერი (ლევანდოვსკი 84), რიბერი (გიოტცე 90)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 ხიმენესი (27), 1:1 ვიდალი (38), 1:2 მიულერი (52), 2:2 ტალისკა (76)

გაფრთხილება: კარსელა-გონსალესი (70), ალმეიდა (90) – მარტინესი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 16 (7) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

0.326297