ფრანგული პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლორან ბლანის აზრით, “მანჩესტერ სიტისთან” ორმატჩიან დუელში მარცხი პარიზში გამართულმა თამაშმა გამოიწვია. მისი მოსაზრებით, პირველ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები საფრანგეთის ჩემპიონს ძვირად დაუჯდა.
“პლეი-ოფში ორი თამაშია და პირველმა მატჩმა დიდი ზეგავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე. დავკარგეთ დავიდ ლუიზი და მატუიდი დისკვალიფიკაციის გამო. მოგება შეგვეძლო, მაგრამ საბოლოოდ “სიტიმ” ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. არ მინდა დაშავებულ ფეხბურთელებზე საუბარი, მაგრამ ამ ორ შეხვედრაში ჩვენ საუკეთესო შეამადგენლობით არ გვითამაშია. ჯერ კიდევ პირველ თამაშზე ვფიქრობ, რადგან იქ მოგება შეგვეძლო, ძალიან საწყენია.
ფეხბურთი ასეთია, აპრილსა და მაისში ფორმის პიკზე ყოფნაა საჭირო და ჩვენ, როგორც შარშან ეს წელსაც ვერ მოვახერხეთ”, - განაცხადა ბლანმა.
“პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალური ბარიერის დაძლევას ვერაფრით ახერხებს. პარიზელებმა ბოლოს ნახევარფინალში 1994-1995 წლების სეზონში ითამაშეს.