ბლოგი

18:10 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენებური უცნაურობები

ყველა ძალიან გაგვახარეს ჩვენმა ჰოკეისტებმა. რასაკვირველია ჩვენთვის ჰოკეი მაინც უცხო ხილია და ისიც ვიცით, რომ საქართველოს ჰოკეის ნაკრები კიდევ კარგა ხანი ვერ იქნება (საერთოდ ოდესმე თუ იქნება) ჩრდილოეთის ყინულიანი ქვეყნების დარი, მაგრამ როდესაც შენები იგებენ, ყოველთვის სასიხარულოა. თუმცა ამჯერად, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეოებებში გამარჯვების შემდეგ კვლავ დაიწყო უკვე ტრადიციად ქცეული გოდება და პარალელების გავლება ფეხბურთთან და ჩვენს ბეჩავ ფეხბურთელებთან.

ამ დღეებში სოციალურ ქსელებში თუ კერძო საუბრებში ხშირად მოისმენდით და ნახავდით უცნაური პათეტიკით გაჟღენთილ ფრაზებს, რომ “ფეხბურთი გასაუქმებელია”, “ჰოკეიმაც კი აჯობა ფეხბურთს”, “ფეხბურთი გავაუქმოთ, ჰოკეის მივაწვეთ” და მისთანანს... მგონია ადრეც დამიწერია ამ საშინელ ქართულ თვითგვემაზე და ახლაც არ დავიზარებ იმის თქმას, რომ ეს დამოკიდებულება მინიმუმ ძალიან არასწორია და ამით არამხოლოდ ფეხბურთს (ისე, ჩვენს ფეხბურთს ამაზე მეტი რაღა უნდა დაემართოს?!) იმ სახეობებსაც ვაზარალებთ, რომელთაც ფეხბურთს ვადარებთ.

დავიწყოთ იმით, რომ ფეხბურთის უბედურება ჩვენი ტრაგედიაა და ეს სულაც არაა საქილიკო ამბავი. მეტიც – ეს პრობლემები ჩვენი მოსაგვარებელია და ძახილი იმისა, რომ “ფეხბურთი უნდა გავაუქმოთ” მხოლოდ და მხოლოდ ლაყაფისტობაზე და პრობლემიდან გაქცევაზე მეტყველებს. ამას გარდა, მე არ მინახავს სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენელი სპორტსმენები, რომლებსაც გული არ ტკიოდეთ ჩვენს საფეხბურთო ნაკრებზე და კლუბებზე და რომლებიც იძახდნენ – სახელმწიფომ ჩვენ მოგვაქციოს ყურადღება და ფეხბურთი საერთოდ მიივიწყოსო. ეს უღირსი საქციელი იქნებოდა და მე ასეთებად არც ჩვენი მორაგბეები მიმაჩნია, არც კალათბურთელები, არც ძიუდოისტები და არც ჰოკეისტები.

ჩვენ არ ვცდილობთ არავის გამართლებას, მაგრამ იმის ართქმაც არ შეიძლება, რომ ფეხბურთში კონკურენციის თვალსაზრისით მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯაჯგურია და როგორც ბოლო დროს უყვართ ხოლმე თქმა, მართლაც ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში. ამიტომაც, ფეხბურთში მიღწეული გამარჯვებები ნამდვილად უფრო მეტად ფასდება, ვიდრე სპორტის სხვა ნებისმიერ სახეობაში, რადგან ალბანეთიდან ბოსნია-ჰერცოგოვინამდე უკვე აღარ რჩებიან ნაკრებები, რომელთანაც მოგებაც იოლია. ჩვენ კი იმდენად ჩამოვრჩით ევროპული ფეხბურთის განვითარებას, რომ ახლა დღის წესრიგში სწორედ ალბანეთისნაირ ქვეყნებთან გათანაბრება შეიძლება გვქონდეს და რაიმე გამორჩეულად დიდ წარმატებებზე ჯერჯერობიოთ არც უნდა ვიოცნებოთ.

როდესაც ჩვენი საფეხბურთო ნაკრები თამაშობს, იმ დღეს უცებ უცნაური გარდასახვა ხდება ხოლმე და ჩვენი ისედაც ვაგლახი ნაკრების მაგინებლები მოულოდნელად დიდ ქომაგებად გვევლინებიან. ასეთ დროს ამ ხალხს ჭეშმარიტად “ქართული სენი” ემართებათ, ებინდებათ გონება და დაზეპირებულებივით მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებენ “ჩვენმა ბიჭებმა დღეს უნდა მოიგონ!”. ამ დროს ვის აინტერესებს რა უძღვის ამ მატჩებს წინ, რა ნაბიჯები იდგმება, რეალურად რისი შანსი გვაქვს. არა, ჩვენ მხოლოდ გამარჯვები გვინდა და დანარჩენი უბრალოდ არ გვანაღვლებს! ხშირად მიკამათია ასეთ ხალხთან, მაგრამ უკვე იმასაც ვხვდები, რომ ამ კამათს აზრიც აღარ აქვს, რადგან მორჩება თამაში, ისინი კვლავ ძველებურად გააგრძელებენ ნაკრების კრულვბას, საუბარს იმაზე, რომ “ფეხბურთიდან ფული უნდა ამოვიღოთ და რაგბიში უნდა ჩავდოთ”, და საერთოდ არ ექნებათ იმის განცდა, რომ საქართველოს ნაკრები დამარცხებულიც და გამარჯვებულიც საქართველოს ნაკრებია.

ჩვენი ჰოკეისტები ვინმეს ახსოვდა, სანამ გამარჯვებათა სერიას დადებდნენ? ასეა, გამარჯვებულის გულშემატიკვრობაზე ადვილი არაფერია!

0.129688