“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დორტმუნდის “ბორუსიას” გულშემატკივრებს მადლობას უხდის. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა “დორტმუნდი” – “ლივერპულის” (1:1) თამაშის შემდეგ განაცხადა, იგი “სიგნალ იდუნა პარკზე” აპლოდისმენტებს არ ელოდა.
“როდესაც სტადიონზე შევედი არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გულშემატკივრები ტაშით დამხვდებოდნენ, მაგრამ ისინი ასე მოიქცნენ და მინდა მათ მადლობა ვუთხრა.
რაც შეეხება თამაშს, ევროპული ფეხბურთი ასეთია. ჩვენ დორტმუნდში მოსაგებად ჩავედით, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. ახლა კი, “ენფილდზე” მოგვიწევს გამარჯვებისთვის თამაში”, - თქვა იურგენმა.
შეგახსენებთ, იურგენ კლოპი “დორტმუნდს” 2008-2015 წლებში თავკაცობდა და მანამდე ღრმა კრიზისში მყოფი გუნდი მოწინავე პოზიციებზე დააბრუნა. მის ხელში “ბორუსიამ” ორჯერ მოიგო გერმანიის ბუნდესლიგა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც უწია. სწორედ გერმანული გრანდიდან შეუერთდა იგი ინგლისურ “ლივერპულს”, რომელსაც გასული ზაფხულიდან ავარჯიშებს.