ჭადრაკი

23:00 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით  ჯოჯუა: "ჭადრაკს ვერ ვუღალატებ“

ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა ბოლო დროს განსაკუთრებით წარმატებულია როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში. დავითმა კარიერაში პირველად 2015 წლის ბოლოს საქართველოს თასი, ხოლო 2016 წლის დასაწყისში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, სამწვრთნელო შტაბში მისი ყოფნის პერიოდში ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ქალთა საკლუბო გუნდმა ,,ნონამ“ ზედიზედ ორჯერ შეძლო ევროპის ჩემპიონატის მოგება.

worldsport.ge დავით ჯოჯუას ესაუბრა:

-მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ.

-დავიბადე 1989 წლის 8 ივნისს ქალაქ სამტრედიაში. ამჟამად ვცხოვრობ თბილისში. ვარ საქართველოს თასის მფლობელი და ჩემპიონი, მრავალგზის პრიზიორი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.

-ჭადრაკის გარდა, რით ხართ დაკავებული?

-ვარ მთარგმნელი რეფერანტი ინგლისური ენის განხრით. ამჟამად ვსწავლობ დოქტურანტურაში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

-ჭადრაკით როდის და რატომ დაინტერესდით?

- 6-7 წლის ასაკში სკოლაში გაკვეთილზე ჭადრაკის წრის პედაგოგი შემოვიდა და გამოგვიცხადა, ვინ იყო მსურველი ჭადრაკის სექციაში გაწევრიანებულიყო. შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელმა გამიწია რეკომენდაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ მათემატიკის კარგად სწავლობს და არც ჭადრაკის თამაში გაუჭირდებაო. ასე მოვხვდი ჭადრაკში.

-რით ავხსნათ, რომ დოქტურანტურაში აგრძელებთ სწავლას სხვა სფეროში?

-საერთაშორისო ურთიერთობებიც მაინტერესებს.

-საბოლოოდ რა სფეროში აპირებთ მუშაობას?

-ჯერჯერობით ჭადრაკს ვერ ვუღალატებ, საბოლოოდ კი რა იქნება არ ვიცი.

-საერთაშორისო ურთიერთობებს რომ თავი დავანებოთ, ჭადრაკში თქვენი მოღვაწეობაც მრავალფეროვანია. წარმატებები გაქვთ როგორც მწვრთნელის, ისე მოჭადრაკის რანგში. აქ რომელს მიანიჭებთ უპირატესობას?

-აქ ორივე მიმართულებით ვაპირებ მუშაობას. ჯერჯერობით ორივეს ვართმევ თავს.

-აქამდე ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყავით. ამ მხრივ სიახლე ხომ არაფერია?

-ისევ მთავარი მწვრთნელის ელიზბარ უბილავას თანაშემწე ვიქნები და პარალელურად ნაკრების კაპიტნადაც ვიმუშავებ.

-საქართველოს ნაკრები საშუალო დონის ან აუტსაიდერ გუნდთან ქულებს ხშირად კარგავს ხოლმე...

-ქალთა ნაკრებ გუნდებს, არა მარტო საქართველოს ვგულისხმობ, ასეთი რამ ხშირად ემართებათ, მაგალითად ჩინეთმა ყაზახეთთან გაკეთებული ფრეს გამო ოლიმპიური ჩემპიონობა დაკარგა. ქალთა ნაკრებში დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობასა და თეორიულ მომზადებას, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ სტარტს იღებს გუნდი. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ ფრეს სერბეთთან, თავიდან მოვლენები ისე განვითარდა, რომ 3,5:0,5 მოგება თითქმის გარანტირებული გვქონდა, მაგრამ შემდეგ წაგებას ძლივს გადავურჩით.

-ქალთა ნაკრებს ფსიქოლოგი თუ ჰყავს?

-მომზადების დროს კი, მაგრამ ტურნირებზე არ დაგვყავს, რადგან ნაკრების ხელმძღვანელობა არ თვლის მიზანშეწონილად.

-თქვენ როგორ თვლით?

-არც მე ვთვლი მიზანშეწონილად, რადგან მიმაჩნია, რომ ნაკრების ხელმძღვანელობაც უნდა ერკვეოდეს ფსიქოლოგიაში და ამ მხრივ მომზადებული გუნდისათვის ჩემპიონატის მსვლელობისას დახმარება უნდა შეეძლოს.ამჟამად ნაკრები ოლიმპიადისთვის ემზადება , რომელსაც მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.

-ნაკრების შემადგენლობა თუ არის ცნობილი?

-ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია, რომელიც გრან-პრიზე მოთამაშე მოჭადრაკეებით (ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი) არის დაკომპლექტებული. რაც შეეხება ნაკრების მეხუთე წევრს, მისი ვინაობა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რომელსაც 26 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით რუმინეთი უმასპინძლებს.

-თქვენ, როგორც საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, უფლება გაქვთ საქართველოს ვაჟთა ეროვნულ ნაკრებში ითამაშოთ...

-მართალი ხართ, მაგრამ არჩევანი ქალთა ნაკრებში მუშაობაზე გავაკეთე.

-შემთხვევითს ვერ დავარქმევთ, რომ ჯერ თასი, შემდეგ კი საქართველოს პირველობა მოიგეთ. ასეთ წარმატებას რით ახსნით?

-დიდ გამოცდილებას ვიღებ ქალთა ნაკრების წევრებთან მუშაობის დროს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჩემი სპარინგ-პარტნიორებიც არიან.

-უახლოეს მომავალში, როგორც მოჭადრაკეს, რა გეგმები გაქვთ?

-13 აპრილს მივემგზავრები თურქეთში ოთხდღიან ტურნირზე, რომელსაც ქალაქი ორდუ უმასპინძლებს. თბილისში 18-ში ვბრუნდები. დაგეგმილი მქონდა ,,ნონას თასის“ საერთაშორისო ტურნირში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ გადავწყვიტე ბელა ხოტენაშვილსა და ლელა ჯავახიშვილს დავეხმარო, როგორც მწვრთნელი ბათუმის გრან-პრის ტურნირზე, რომელიც 19 აპრილს დაიწყება.

0.116096