ფეხბურთი

21:46 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ემოციებით, პენალტებით, პროტესტით სავსე "კლასიკო"...(+VIDEO)

თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ქართული „კლასიკო“ ზედიზედ მეექვსედ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თერთმეტმეტრიანით მოიგო.

დიახ, გიორგი ვადაჭკორიას დამატებული ბოლო, მეოთხე წუთი მიმდინარეობდა, როცა „დინამომ“ შეუტია და კარში ჯაბა ჯიღაური ურტყამდა, თუმცა „ტორპედოს“ მშველელად ძელი მოევლინა. ამით ეპიზოდი არ დასრულებულა და მერე მოხდა ის, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა: ძელიდან ასხლეტილ ბურთთან ბაჩანა არაბული გაჩნდა და ისევ ჯიღაურს უპასა, რომელიც ვადაჭკორიას აზრით, გიორგი კუხიანიძემ წააქცია და პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ზუსტად გიორგი ქვილითაიამ შეასრულა. მართალია, მის დარტყმულს მისივე ოპონენტი მოგვარე ხელით შეწვდა, მაგრამ საკუთარი გუნდი მტკივნეული მარცხისგან ვერ იხსნა - 2:1. ამ ეპიზოდით იმერელმა ფეხბურთელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და მსაჯს დიდხანს ედავებოდნენ. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ „ტორპედოს“ მცველმა ბაქარ მირცხულავამ ხაზის მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც უმალვე გაძევებული იქნა. სხვათა შორის, მისი დაშოშმინება მოედნის ფარგლებს გარეთაც გაუძნელადათ, თუმცა არც ფეხბურთელს გაემტყუნება. რთული სათქმელია, იყო თუ არა, ნამდვილად თერთმეტრიანი...

ეს იყო მატჩის ბოლოს, მანამდე კი გუნდებმა გოლების გაცვლა მოასწრეს. პირველი გოლი მართლაც ლამაზი გამოვიდა: უჩა ლობჟანიძემ ერთი შეხებით ნიკა გელაშვილს ჩინებული პასი გაუკეთა, რომელიც მოედნის ცენტრში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფებოდა. მასაც ბევრი არ უფიქრია და სისწრაფის ხარჯზე მცველი აშკარად დაჩაგრა და მშვენიერი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მანამდე „ტორპედოს“ გოლის გატანა არაერთხელ შეეძლო, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში მისი ფეხბურთელები სცოდავდნენ. განსაკუთრებით, ფორვარდი თორნიკე კაპანაძე.

„ტორპედომ“ კი 78-ე წუთზე გაათანაბრა - გიორგი კუხიანიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა. მერე, როგორც განვითარდა მოვლენები უკვე გითხარით.

ისე, „დინამო“ პირველ წრეში ქუთაისში მარცხს (1:1) ასევე ბოლო წუთზე გადაურჩა, ამჯერად კი საერთოდ დროის აღნიშნულ მონაკვეთში პრინციპული მეტოქე უქულოდ დატოვა...

„დინამომ“ ლიდერობას ისევ დამაჯერებლად ინარჩუნებს. „ტორპედო“ კი ცხრილის შუაშია.

„დინამო“ (თბილისი) - „ტორპედო“ 2:1 (1:0)

თბილისი, „დინამო არენა“

6 აპრილი, 2016 წელი

„დინამო“ (4-4-2): ჰრდლიჩკა; ლობანიძე, გველესიანი, ამისულაშვილი, თევზაძე (არაბული 83); ჯიღაური, კიტეიშვილი, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი; იაშვილი (ჭელიძე 75), გელაშვილი (ქვილითაია 59)

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

„ტორპედო“ (4-2-3-1): ქვილითაია; ტაბატაძე, ჭიჭინაძე, მირცხულავა, მამასახლისი (ფურცხვანიძე 72); საღრიშვილი (ტუღუში 75), კუხიანიძე; შინდაგორიძე, ბრეგვაძე (კლიმიაშვილი 62), ქიმაძე; კაპანაძე

მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია

გოლები: 1:0 გელაშვილი (40), 1:1 კუხიანიძე (78, პენ), 2:1 ქვილითაია (90, პენ)

გაფრთხილება: იაშვილი (42), პარუნაშვილი (68)

გაძევება: მირცხულავა (90)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

0.288608