დასრულდა უმაღლესი ლიგის 23-ე ტურის ექვსი მატჩი, რომელსაც მოულოდნელი შედეგები არ მოუტანია. გია ცეცაძის გაწვრთნილმა “სამტრედიამ” კვლავ მოიგო და წლევანდელ 8 მატჩში 7 გამარჯვება (და ერთი ფრე) აქვს. სამტრედიელებმა მეორე პოზიცია გაიმყარეს ბათუმის “დინამოსთან” 2:0 გამარჯვებით. გოლები თავდამსხმელებმა, ბუდუ ზივზივაძემ და დავით ჯიქიამ გაიტანეს.
ბოლნისის “სიონმა” ზედიზედ სამი ფრის შემდეგ მოიგო, კერძოდ, შინ 3:1 აჯობა აუტსაიდერ “ზუგდიდს”. ორი გოლი შეაგდო 20 წლის შემტევმა ოთარ კობახიძემ, ერთიც ლუის მედინამ დაამატა.
“ჩიხურამაც” იმარჯვა და წარმატებულ სვლას განაგრძობს. სოსო ფრუიძის გუნდმა 2:1 სძლია “ცხინვალს”. გოლები საწყის 19 წუთში გავიდა. გიორგი განუგრავასა და ლაშა ჩიკვაიძის გოლებს ლაშა ქოჩლაძის ერთი საპასუხო მოჰყვა.
იმარჯვა მესამეადგილოსანმა გორის “დილამაც”. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “გურიას” ლანჩხუთში მოუგო – 1:0. ბოლო წუთზე ისლამ მაშუკოვმა გაიტანა.
დანარჩენი ორი შეხვედრა 0:0 დასრულდა.
გურია (ლანჩხუთი) – დილა (გორი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 მაშუკოვი (90)
საპოვნელა (თერჯოლა) – საბურთალო (თბილისი) 0:0
შუქურა (ქობულეთი) – მერანი (მარტვილი) 0:0
სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 ოთარ კობახიძე (33), 1:1 ჩუკვურა (54), 2:1 ოთარ კობახიძე (60), 3:1 ლუის მედინა (71)
ჩიხურა (საჩხერე) – ცხინვალი 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 განუგრავა (5), 2:0 ჩიკვაიძე (9), 2:1 ქოჩლაძე (19)
სამტრედია – დინამო (ბათუმი) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ზივზივაძე (53), 2:0 ჯიქია (64)
18:00 საათზე დაიწყო ტურის კიდევ ორი მატჩი: “დინამო არენაზე” თბილისის “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” მასპინძლობს, ხოლო “მიხეილ მესხზე” თბილისის “ლოკომოტივი” ფოთის “კოლხეთს” ხვდება.