დღის კიდევ ერთ მატჩში “ვოლფსბურგი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. წყვილში სპეციალისტთა აზრით, ცალსახა ფავორიტი მადრიდული გრანდია, რაც გაკვირვებას არ იწვევს. ჯერ ერთი, რომ “მგლები” ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ, ხოლო პლეი-ოფში სულაც პირველად თამაშობენ. ამას ისიც ემატება, რომ დიტერ ჰეკინგის გუნდი ბოლო დროს ცუდ ფორმაშია და გერმანიის ბუნდესლიგაში ძალზე წარუმატებლად თამაშობს.
“რეალი” კი პირიქით: ბოლო დროს კარგად ათამაშდა და ოთხი დღის წინ ბარსელონაში “ელ კლასიკოც” მოიგო, რამაც წესით მათი განწყობა ერთი-ორად უნდა აამაღლოს.
ყველაფერთან ერთად ესპანელები გერმანიაში საბრძოლო შემადგენლობით არიან, ერთადერთ გამონაკლისი მხოლოდ რაფაელ ვარანია, რომელიც დღეს ვერ ითამაშებს. მასპინძელთა დანაკლისი კი ნიკლას ბენტნერი და იუნგი იქნებიან. ამასთან, საეჭვოა დანიელ კალიჯურისა და ნალდოს თამაშიც.
დიტერ ჰეკინგი (“ვოლფსბურგის” მთავარი მწვრთნელი): “დღევანდელ შეხვედრაში მოტივაციის არქონის პრობლემა არ გვექნება. ძალიან კარგი შანსი გვაქვს დიდ წარმატებას მივაღწიოთ. არავინ ფიქრობ თუ როგორ მოვედით აქამდე, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი დასასრული არ უნდა იყოს. ამ რთულ მატჩშიც ვეცდებით ჩვენი შანსები ბოლომდე გამოვიყენოთ. “რეალის” დამარცხება დიდი სიურპრიზი იქნება, მაგრამ ეს ჩვენ გვინდა.
ჩვენს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია? – ყოფილა სხვა დიდი თამაშებიც, თუმცა ახლა მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. “რეალი” დიდი გუნდია, მსოფლიო დონის ფეხბურთელებით. ტიტულის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიცაა, თუმცა მე ჩემი ბიჭების მჯერა. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მხოლოდ მასზე ფიქრი კარგი არ იქნება.
არ ვიცი ითამაშებს თუ არა ნალდო. უნდა ვესაუბრო გუნდის ექიმს და თვითონ ფეხბურთელს. მას თამაში უნდა, მაგრამ ყველაფერს შემოწმება გადაწყვეტს”.
ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. უნდა ვითამაშოთ, თითქოს ფინალია, რადგან ამ ტურნირის ასეთ ეტაპზე ყველა შეხვედრა ფინალის ტოლფასი და მნიშვნელოვანია. “ბარსელონასთან” მოგებამ თავდაჯერება შეგვმატა და კარგ ფორმაში ვიმყოფებით. ამასთან, კონცენტრირებულებიც ვართ. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
“ვოლფსბურგმა” ბევრი იშრომა და აქამდე მოსვლა დაიმსახურა. ბუნდესლიგაში მართალია პრობლემები აქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სრულიად განსხვავებული ტურნირია და მოტივირებულნი იქნებიან. სერხიო რამოსი საუკეთესო ფორმასთან ახლოსაა ტრავმის მოშუშების შემდეგ. იგი კაპიტანია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ჩვენი გუნდისთვის”.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრეში, დანტე, კნოხე, როდრიგესი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო; შურლე, არნოლდი (ვიეირინია), დრაქსლერი; კრუსე
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ბეილი, ბენზემა, რონალდუ
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
პრეცედენტი
დღევანდელი მატჩით დაიწყება ამ გუნდთა ურთიერთდაპირისპირების ისტორია. “ვოლფსბურგი” კი ესპანურ გუნდს მეხუთედ დაუპირისპირდება.
სტატისტიკა
“ვოლფსბურგი”
“ვოლფსბურგი” ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ თამაშობს. მათ დებიუტი 2009-2010 წლების სეზონში ჰქონდათ. პლეი-ოფში და შესაბამისად, მეოთხედფინალშიც პირველად თამაშობენ.
რაც შეეხება მთლიანად უეფას ტურნირებს ეს მათი მესამე მეოთხედფინალია. 2009-2010 წლების სეზონში უეფას თასზე “ფულჰემთან” 1:3 წააგეს, შარშან კი ევროპა ლიგაზე “ნაპოლისთან” 3:6.
“ვოლფსბურგს” მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ყველა თამაში მოგებული აქვს.
“ვოლფსბურგს” ბოლო 7 საშინაო მატჩიდან ევროთასებზე ყველა მოგებული აქვს გარდა ერთისა, როდესაც “ნაპოლისთან” სახლში 1:4 წააგო.
ბოლოს “მგლების” ეპანურ გუნდს 2009-2010 წლების სეზონში შეხვდნენ და “ვილიარეალს” ორი მატჩის ჯამში 6:3 აჯობეს. მანამდე კი “ატლეტიკოსთან” 1999-2000 წლების სეზონში ორჯერ წააგეს (შინ 2:3, სტუმრად 1:2).
“რეალი”
“რეალი” მეოთხედფინალში ზედიზედ მეექვსედ თამაშობს. ბოლო ხუთი შემთხვევიდან კი ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. ჯამში, მეოთხედფინალში სულ 32-ჯერ ითამაშა და აქედან 26 შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავიდა.
“ბლანკოსი” ერთ-ერთია მიმდინარე გათამაშებაში იმ ორი გუნდიდან, რომელიც ჯერ კიდევ არ დამარცხებულა. გასვლაზე კი 4 თამაშიდან სამი მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა.
ბოლო 11 საგარეო მატჩიდან მადრიდელებმა მხოლოდ ერთი წააგეს – შარშან გაზაფხულზე, ტურინში, “იუვენტუსთან” (1:2). 8-ჯერ კი მოიგეს.
უეფას ტურნირებში გერმანულ გუნდებთან ორმატჩიანი დაპირისპირებების ბალანსი ასეთია: 12 მოგება, 8 წაგება.
“რეალს” გერმანიაში ბოლო ოთხი თამაშიდან სამი მოგებული აქვს. ისე კი, ჯამში ძალიან ცუდი ბალანსი გააჩნია: 28 თამაში, 4 მოგება, 6 ფრე, 18 წაგება.
“სამეფო კლუბმა” ბოლოს “შალკესთან” წააგო შინ 4:3 (2014-2015 წლების მერვედფინალში), თუმცა მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდნენ, რადგან მანამდე სტუმრად 2:0 მოეგოთ.
ფეხბურთელები და მწვრთნელები: დაპირისპირებები
იულიან დრაქსლერი ადრე “შალკეში” თამაშობდა, სადაც 2013-2014 წლების სეზონში “რეალთან” შინ 1:6 და გასვლაზე 1:3 წააგო.
ტონი კროოსს “ფოლკსვაგენ არენაზე” “ლევერკუზენის” რიგებში გოლიც გაუტანია 2008-2009 წლების სეზონში. კერძოდ, 2009 წლის 18 აპრილს, მაგრამ ის თამაში მაინც მასპინძლებმა მოიგეს – 2:1.
ჯოშუა გუილავოჯი “ვოლფსბურგში” იჯარით თამაშობს მადრიდის “ატლეტიკოდან”, სადაც მას ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.
კროოსი “ვოლფსბურგს” 12-ჯერ დაუპირისპირდა და ძალზე დადებითი ბალანსი გააჩნია: 10 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.
დანიელ კარვახალი ადრე იჯარით “ლევერკუზენში” გამოდიოდა და “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ სამჯერ უთამაშია – 1 ფრე, 2 წაგება.