ფეხბურთი

18:23 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძმები "ატალანტას" აკადემიაში

ბერგამოს "ატალანტა" იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიად ითვლება. ეს კლუბი სწორედ ტალანტების წარმოებით არის ცნობილი, თორემ სერია ა-ს ბობოლებში არასოდეს გასულა. იქაურ აკადემიაში ქართველი ძმები იზრდებიან - 2001 წელს დაბადებული დავით ლორთქიფანიძე და მასზე 4 წლით უმცროსი დაჩი.

როგორ მოხვდნენ ბიჭები "ატალანტას" აკადემიაში, ამაზე მათი მამა, კახა ლორთქიფანიძე მოგვიყვა:

"საფეხბურთო აგენტ ბესო აბაშიძის დამსახურება იყო. მას ვუმადლი, რომ ჩემი შვილები იტალიაში მოხვდნენ. თავიდან "სიენაში" წაიყვანეს, ლონდონის "არსენალის" აკადემიაშიც ავარჯიშეს. "არსენალს" ბალკანური ქვეყნებისთვისაც აქვს ელიტ-აკადემიები და ერთ-ერთი ასეთი სალონიკშია, სადაც ვარჯიშობდნენ კიდეც ბიჭები. მერე საბუთების პრობლემა შეიქმნა. ჩვენ კონტრაქტი გვაქვს იტალიურ საინვესტიციო კომპანიასთან, რომელთანაც ბესო აბაშიძემ დაგვაკავშირა. ეს იმიტომ, რომ 16 წლამდე არ შეიძლება კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულების გაფორმება. ბიჭები თავიდან "ბრეშაში" იყვნენ, 2015 წლის აგვისტოდან კი "ატალანტაში" იზრდებიან".

კახა ლორთქიფანიძის თქმით, "ატალანტა" და სხვა იტალიური აკადემიებიც სავსეა უცხოელებით. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ მშვენიერ პირობებში არიან და ბიჭებს თუ რაიმე დასჭირდებათ, ყველაფერს უკეთებენ.

ეგაა, გარკვეული საბუთების გამო, ბიჭები ჩემპიონატის მატჩებს ჯერ ვერ თამაშობენ, სამაგიეროდ ამხანაგურებში იღებენ მონაწილეობას და კიდევ, არის "ატალანტას" მოყვარულთა კლუბი და იქ უწევთ გამოსვლა.

"რომან ჭანტურიამ იგივე გზა გაიარა "ემპოლიში", როგორც ახლა დავითი და დაჩი არიან".

კახა ლორთქიფანიძემ გვითხრა, რომ იტალიაში ხელოვნურსაფარიან მინდორზე უწევთ თამაში და ვარჯიში, მაგრამ გაცილებით მაღალი ხარისხის საფარია, ვიდრე საქართველოში. იტალიაში სადაც ვიკითხე, "შლატერი" არავის გაუგია, რადგან საფარიც კარგია და ფიზმომზადებაც სწორი კურსით მიმდინარეობსო.

"ამას დავუმატოთ სკაუტიზმი. სულ ძიებაში არიან, სულ აკვირდებიან ბავშვებსა და მოზარდებს. ვარჯიშებზეც დადიან, ყველას უნდა ნიჭიერების ხელში ჩაგდება".

ცნობისთვის, 2014 წელს ლევან კობიაშვილის მეშვეობით ერთი ქართული გუნდი (2001 წელს დაბადებულები) გავიდა ბერლინის საერთაშორისო ტურნირზე. მანამდე კი, კობიაშვილისვე დაფინანსებით ჩატარდა ტურნირი საქართველოში, სადაც გამარჯვებული და ბერლინში წამსვლელი გუნდი უნდა გარკვეულიყო. საქართველოში ჩემპიონი "საბურთალო" გახდა და საუკეთესო ფეხბურთელად დავით ლორთქიფანიძე დაასახელეს.

0.127701