ფეხბურთი

13:25 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” VS “ატლეტიკო”: რიმეიქი ორი წლის მერე

ორი წლის შემდეგ “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. კატალონელებს შარშანწინ განცდილი მარცხისთვის რევანში მართებთ, “ატლეტიკო” კი იგივეს განმეორებაზე უარს არ იტყვის.

საერთოდ, დღეს გასამართი მატჩებიდან ეს ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს და ყურადღებას იქცევს. როგორც მეტოქეთა მთავარმა მწვრთნელებმა განაცხადეს, რთული მატჩი იქნება, რადგან “ბარსაც” და “ატლეტიკოც” უმაღლესი კლასის გუნდებია.

ლუის ენრიკეს დღეს ალეიშ ვიდალის, სანდროს, ადრიანოსა და ჟერემი მატიეს იმედი არ უნდა ჰქონდეს, ხოლო მისი ვიზავი ოლივერ ტორესს, ხოსე ხიმენესსა და ხესუს გამესს მოსაკლისებს.

“ბარსელონა” ესპანურ ლა ლიგაში 31 ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა 76 ქულით. ლუის ენრიკეს შეგირდებმა სამი დღის წინ საკუთარ მოედანზე “ელ კლასიკო” წააგეს, რითაც 39 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს.

“ბლაუგრანას” კონკურენტი ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში სწორედ მისი დღევანდელი მეტოქეა. თუმცა, “ატლეტიკო” მეტოქეს 6 ქულით ჩამორჩება და თუ გავითვალისწინებთ, რომ დარჩენილი მხოლოდ 7 ტურია, მათი შანსი არცთუ ისე ძვირად უნდა ფასობდეს.

ლუის ენრიკე (“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი): ატლეტიკო” ტოპ კლუბია, აქვს თავისი სათამაშო ფილოსოფია, არიან მაღლები და ძალიან სახიფათონი კონტრშეტევაზე. “რეალთან” მატჩში ჩვენ კარგად 65 წუთი ვითამაშეთ. დავუშვით შეცდომები, მაგრა ეს ნორმალურია, რადგან ვეთამაშებოდით უმაღლესი დონის გუნდს. ეს მარცხი თითქმის დავიწყებულია და იმედია ეს მცდარი ნაბიჯი ჩვენს მოტივაციას აამაღლებს და გაცილებით ხანგრძლივ სერიას მოვაწყობთ.

“ატლეტიკო” ექსტრაორიდნალური გუნდია. ჰყავს კარგი ინდვიდუალისტები მაგალითად გრიზმანი და ტორესი. მათ პრობლემების შექმნა სხვადასხვა სიტუაციიდან შეუძლიათ”.

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და არმგონია რაიმე სიურპრიზი მოხდეს. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ. საერთოდ არ ვფიქრობ, “ბარსელონას” მარცხზე “ელ კლასიკოში” და ჩვენს თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. “ბარსა” სახლში თამაშობს და იქ, მათგან ყოველთვის მეტია მოსალოდნელი. ისინი უძლიერესები არიან და მათთან დაპირისპირება ურთულესია.

იმედია მაქვს, “ბარსელონა” სეზონის საუკეთესო “ატლეტიკოს” იხილავს. მესი-სუარესი-ნეიმარი რა თქმა უნდა სახიფათოები არიან, თუმცა არც სხვა ფეხბურთელებთან შეიძლება ყურადღების მოდუნება”.

სავარაუდო შემადგენლობა:

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა; ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; გაბი, საულ ნიგეზი, აუგუსტო, კოკე; გრიზმანი, ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

პრეცედენტი

“ბარსელონა” და “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს ერთადერთხელ, 2013-2014 წლების სეზონის მეოთხედფინალში გადაეყარნენ. მაშინ პირველ თამაშს “კამპ ნოუმ უმასპინძლა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა – დიეგოს 56-ე წუთზე გატანილი გოლი ნეიმარმა 71-ეზე გაქვითა. გუნდებმა კი ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“ბარსელონა”: პინტო, ალვეში, პიკე (ბარტრა 12), მასკერანო, ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (სანჩესი 68), ინიესტა, მესი, ნეიმარი

“ატლეტიკო”: კურტუა, ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუისი, გაბი, ტიაგო, არდა (როდრიგესი 77), კოკე, ვილა (სოსა 71), დიეგო კოშტა (დიეგო 30)

ერთი კვირის შემდეგ კი მადრიდში მასპინძლებმა კოკეს დასაწყისშივე გატანილი გოლით 1:0 იმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ:

“ატლეტიკო”: კურტუა, ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუისი, გაბი, ტიაგო, კოკე, ადრიან ლოპესი (დიეგო 62), რაულ გარსია, ვილა (როდრიგესი 79)

“ბარსელონა”: პინტო, ალვეში, ბარტრა, მასკერანო, ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (პედრო 72), ფაბრეგასი (სანჩესი 61), მესი, ნეიმარი

“ატლეტიკო” ერთადერთი გუნდია ბოლო რვა წელიწადში, რომელმაც “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მიღმა დატოვა. ხოლო ერთ-ერთია იმ სამი კლუბიდან, რომლებსაც “ბარსა” მეოთხედფინალში დაუმარცხებიათ. ეს, მანამდე პსჟ-მ (1994-1995) და “იუვენტუსმა” (2002-2003) შეძლეს.

მიმდინარე სეზონში პრიმერადივიონის ეგიდით კატალონელებმა შინ “როხიბლანკოს” 2:1 მოუგეს. 30 იანვარს, ანგარიში კოკემ გახსნა, მერე კი ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა გაიტანეს. აღნიშნულ მატჩში სტუმრებს დიეგო გოდინი და ფილიპე ლუისი მოედნიდან გაუძევეს.

“ატლეტიკომ” 2013-2014 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი 38-ე ტურში სწორედ “კამპ ნოუზე” მოიგო. მაშინ თამაში ფრედ (1:1) დასრულდა, რაც დიეგო სიმეონეს გუნდს ხელს აძლევდა. დიეგო გოდინმა ალექსის სანჩესს უპასუხა. ეს იყო მადრიდელთა პირველი საჩემპიონო ტიტული 1996 წლის შემდეგ.

ფაქტები ისტორიიდან

“ბარსელონა”

“ბარსელონა” მეოთხედფინალში ზედიზედ მეცხრედ გავიდა და შანსი აქვთ მიჯრით მეათე თამაში მოიგონ სახლში აღნიშნულ ტურნირზე. ბოლო გუნდი, რომელმაც “კამპ ნოუზე” მარცხს თავი აარიდა, სწორედ “ატლეტიკო” იყო 2014 წლის 1 აპრილს.

ამავე სტადიონზე კი კატალონელები ბოლოს 2013 წლის მაისში “ბაიერნთან” დამარცხდნენ (0:3). ეს ერთადერთი თამაშია ბარსელონაში, რომელიც “ბლაუგრანამ” წააგო 37-დან. ამათგან კი ესპანურმა გრანდმა 30 მოიგო.

საერთო ჯამში, “ბარსამ” მეოთხედფინალური ბარიერი 14-ჯერ გადალახა, ხოლო სამჯერ ნახევარფინალს მიღმა დარჩა.

“ბარსელონას” ევროტურნირებზე ესპანური გუნდი უკვე დამარცსებული ჰყავს. ევროპის სუპერთასზე მან “სევილიას” 5:4 აჯობა, თბილისში, “დინამო არენაზე”.

იმავე “სევილიასთან” კი, იმავე ევროპის სუპერთასზე 2006 წელს, მონაკოში 0:3 წაუგია. ხოლო უეფას ტურნირებში მთლიანობაში ესპანურ გუნდებთან ასეთი შედეგი აქვს ნაჩვენები: 22 თამაში, 6 მოგება, 6 ფრე, 10 წაგება (სახლში – 4 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება).

ყველა ტურნირის ჩათვლით კი “ბარსელონას” ბალანსი “ატლეტიკოსთან” ძალზე დადებითია: 109 მატჩი, 63 მოგება, 27 ფრე, 19 წაგება.

“ატლეტიკო”

“ატლეტიკო” მიჯრით მესამე წელია მეოთხედფინალში გადის და სამჯერვე დაპირისპირება ესპანურ გუნდთან მოუწია (2014 წელს, “ბარსელონასთან”, 2015 წელს, “რეალთან”).

“ბარსას” დამარცხების მერე, სიმეონეს გუნდმა შარშან თანაქალაქელ “რეალთან” წააგო ორი მატჩის ჯამში – 0:1. გადამწყვეტი საპასუხო მატჩის დამატებით დროში ხავიერ ერნანდესის გოლი გამოდგა.

იმავე “რეალმა” ასევე დამატებით დროში “როხიბლანკოს” ლიგის ფინალში აჯობა ორი წლის წინ – 4:1.

მიმდინარე სეზონში “ატლეტიკო” სტუმრად წაუგებელია – 2 მოგება, 2 ფრე. აღსანიშნავია, რომ მადრიდული გრანდი მიჯრით მეორე სეზონია მერვედფინალურ ბარიერს მატჩისშემდგომი პენალტების სერიით ლახავს. შარშან “ლევერკუზენთან”, წელს კი “ეინდჰოვენთან” მოხდა ასეთი რამ.

“ატლეტიკო” მეოთხეფინალში მერვედ გავიდა. აქედან ხუთჯერ ბარიერი წარმატებით დაძლია.

ესპანური გუნდების წინააღმდეგ მადრიდელებს ევროტურნირებზე 17 თამაშიდან 7 აქვთ მოგებული.

ფეხბურთელები და მწვრთნელები: დაპირისპირებები

ლუის ენრიკესა და დიეგო სიმეონეს ერთმანეთის წინააღმდეგ დაპირისპირება 11-ჯერ მოუწიათ: 6-ჯერ ენრიკემ იმარვა, ორჯერ სიმეონემ, ხოლო სამი მატჩი ფრედ დასრულდა.

სიმეონეს კი “ბარსელონას” წინააღმდეგ 7-ჯერ უთამაშია: 1 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება. ერთადერთი გოლი მან “ბარსას” “სევილიაში” თამაშისას გაუტანა 1994 წელს, როცა მისმა გუნდმა 2:5 წააგო. “ატლეტიკოსთან” ერთად კი 1996 წელს “კოპა დელ რეის” ფინალში იმარჯვა.

მწვრთნელის რანგში კი მისი შედეგი შემდეგნაირია: 15 თამაში, 1 მოგება, 5 ფრე, 9 წაგება.

“ატლეტიკოს” კარში ლიონელ მესის 28 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი (სამჯერ ჰეთ-თრიქი). არცერთ სხვა ფეხბურთელს ამაზე მეტი “ატლეტიკოსთვის” არ გაუტანია.

ფერნანდო ტორესს “ბარსას” წინაარმდეგ ნათამაშებ 14 შეხვედრაში 10 გოლი გაუტანია. აქედან ცხრაჯერ მან “ატლეტიკოს” მაისურით იხეირა, ერთხელ კი “ჩელსის”.

სტატისტიკა

“ბარსელონა”

“ბარსელონამ” წაუგებელი სარეკორდო სერია შეწყვიტა გასულ უიქ-ენდზე, რომელმაც 39 თამაში მოიცვა. სარეკორდო სვლა 3 ოქტომბერს, სევილიაში წაგებული შეხვედრის მერე დაიწყო და 2 აპრილს, “რეალთან” დასრულდა.

მესის, სუარესსა და ნეიმარს ამ დროისთვის უკვე 107 გოლი აქვთ გატანილი.

თავის მხრივ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ლიონელმა 50-ე გოლი გაიტანა, როდესაც ბოლივიის კარი აიღო ერთი კვირის წინ. კარიერის განმავლობაში მესის 499 გოლი აქვს გატანილი (50 ნაკრებში, 449 კლუბში).

იმავე დღეს, რუსეთთან ამხანაგური მატჩისას ჟერემი მატიე დაშავდა.

25 მარტს, სუარესმა ურუგვაის ნაკრებში ბრაზილიას გაუტანა, რომლის რიგებშიც ფილიპე ლუისი თამაშობდა. რესიფეში გამართული მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

სერხი რობერტოს ესპანეთის ნაკრებში 27 მარტს რუმინეთის ნაკრებთად დებიუტი ჰქონდა.

“ატლეტიკო”

“ატლეტიკოს” 9 თამაშიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც ხიხონში ადგილობრივ გუნდთან მარცხით დასრულდა 19 მარტს (1:2).

ანტუან გრიზმანს ბოლო 9 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

მატიას კრანევიტერმა სასტარტოში ითამაშა, ხოლო აუგუსტო ფერნანდესი შეცვლაზე შევიდა ჩილეს ნაკრებთან მატჩში, რომელიც არგენტინამ 2:1 მოიგო. ჩილელთა კარს კლაუდიო ბრავო იცავდა. ანხელ კორეას კი არ უთამაშია.

0.187887