იტალიის სერია A-ს ბინადარმა რომის “ლაციომ” მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი დაითხოვა. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი იუწყება. პიოლისთვის ფატალური იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტური გამოდგა, სადაც “ლაციალემ” რომაული დერბი ნომინალური მასპინძლის რანგში “რომასთან” 1:4 წააგო.
50 წლის სპეციალისტს “არწივების” თავკაცის პოსტზე წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი სიმონე ინძაგი ჩაანაცვლებს, რომელიც აქამდე “ლაციოს” ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობდა. ინძაგის ასეთ დონეზე მუშაობის გამოცდილება ჯერ არ გააჩნია. მას რომაული გუნდის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო დღეს ოფიციალურად წარადგენს.
რაც შეეხება პიოლის, იგი “ლაციოს” 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ხელმძღვანელობდა და გასულ სეზონში გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა, მაგრამ მიმდინდარე სეზონს “ბიანკოჩელესტე” მეტად წარუმატებლად ატარებს – ევროპა ლიგიდან და იტალიის თასიდან უსახელოდ გამოვარდა, ხოლო სერია A-ში მხოლოდ და მხოლოდ ცხრილის მეორე ნაწილში იკავებს ადგილს.
ცოტაც ინძაგის თაობაზე – სიმონე ფილიპოს ძმა გახლავთ და მასზე თავის დროზე გაცილებით დიდი იმედი მყარდებოდა, ვიდრე მის უფროს ძმაზე, თუმცა კარიერა უმაღლეს დონეზე ვერ აიწყო. სხვათა შორის, სიმონე ინძაგის კარიერის გამორჩეული წლები სწორედ “ლაციოში” გაუტარებია.