საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში მე-2 გამარჯვება იზეიმა. ფავორიტად შერაცხულ სამხრეთ აფრიკის გუნდთან შეხვედრაში, ქართველმა ჰოკეისტებმა ორშაიბიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და 6:5 (2:4, 1:0, 3:1) იმარჯვეს.
საინტერესოა, რომ აფრიკელები გასულ წელს II დივიზიონში თამაშობდნენ და ვინაიდან იქ ბოლო ადგილი დაიკავეს, ქვედა ლიგაში დაქვეითდნენ. სამხრეთ აფრიკა თურქეთში მიმდინარე შეჯიბრის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა და ქართველებთან მატჩს 2 მოგებით შეხვდა, გუშინ კი პირველი წაგება განიცადა.
საქართველოს ნაკრების რიგებში თავი ბორის კოჩკინმა გამოიჩინა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და 2 საგოლე პასი მიითვალა. დუბლი იყო არტიომ კოზიულინის ანგარიშზე (ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს), 1 გოლი კი არტიომ კურბატოვმა გაიტანა.
სტამბოლში მიმდინარე ტურნირის 3 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი მასპინძელი თურქეთია 3 გამარჯვებით, მას კი კვალში 2-2 მოგებით საქართველო და სამხრეთ აფრიკა უდგანან.
ქართველ ჰოკეისტებს კარგი შანსი აქვთ მინიმუმ მე-2 ადგილი შეინარჩუნონ, რადგანაც დარჩენილი მატჩები სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან ელით. 4 აპრილს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს ეთამაშება, 5-ში კი – ჰონგ კონგს.