ჭიდაობა

22:03 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების 5 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან

წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბულგარულ რუსეში 23-წლამდელთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. ემზარი ბედინეიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა თითო ოქრო-ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი მიმდინარე წელს მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ამჯერად, 23-წლამდელთა შორის. ვერცხლის მედალი ირაკლი მწითურმა (86) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი შოთა ფარტენაძე (61), დავით ბუზიაშვილი (70) და გივი მაჭარაშვილი დაეუფლნენ.

გენო პეტრიაშვილმა (125) ზედიზედ სამ მეტოქეს მოუგო ქულების აშკარა უპირატესობით, ფინელი ტაპანი ჰეინოს სამ წუთში – 11:0, ბელარუს ვიტალი პიასნიაკს 2 წუთში – 10:0 და თურქ იუნუს ემრე დედეს 3:15 წუთში – 10:0. ფინალში გენომ უკრაინელ დანილო კარტავის 9:4 მოუგო.

საფინალო გზაზე სამი მეტოქე დაამარცხა ირაკლი მწითურმაც (86). მან სლოვაკ მიხაელ ბოდნარს 2:51 წუთში 11:0 სძლია, ბულგარელ ეველინ რუსევს 2:20 წუთში სუფთად მოუგო, ნახევარფინალში კი დაძაბულ ორთაბრძოლაში თურქი კადირ იაზიცი 5:4 დაამარცხა.

ფინალში ჩვენებურის მეტოქე რუსების დაუმარცხებელი ფალავანი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი რუსი აბდულრაშიდ სადულაევი იყო. საბოლოოდ, ჩვენებური 4:15 დამარცხდა და დამსახურებული ვერცხლის მედალი მოიპოვა. ისიც ვთქვათ, რომ მწითურმა პირველ პერიოდში ბრწყინვალედ შესრულებული კისრულით 4 ქულაზე დააგდო რუსი და მაყურებლების მხურვალე ოვაციაც დაიმსახურა.

შოთა ფარტენაძემ (61) პირველ ორ შეხვედრაში იოლად სძლია რუმინელ დავიდ დობრეს და მაკედონიელ რაფიკ კამბერს, შესაბამისად, 10:0 და 12:2, ნახევარფინალში რუს იმამ აჯიევთან 1:6 დამარცხდა, ბრინჯაოსთვის კი მოლდაველ მიხაელ ესანუს 8:0 მოუგო.

დავით ბუზიაშვილი (70) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მომავალ ფინალისტ აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად ომარვთან 2:4 და სანუგეშო წრეში გადაერთო, სადაც 5:1 მოუგო მოლდაველ ნიკოლაი ჩირეაკოვს, ხოლო ბრინჯაოს მედლისათვის უკრაინელ ვასილ მიხაილოვს გაუსწორდა – 8:0.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრინჯაოს მედალი გივი მაჭარაშვილმა (97) მოიპოვა, რომელმაც კვიპროსელი ალექსიოს კუსლიდისი 10:6 დაამარცხა. მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ტარიელ გაფრინაშვილს (74), რომელიც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბელარუს რომან ჩიტაძესთან დაძაბულ შეხვედრაში 14:16 დამარცხდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 54 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე რუსეთი გავიდა 64 ქულით, ხოლო მესამეზე თურქეთი 51 ქულით.

ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ემზარ ბედინეიშვილი გახლდათ, უფროსი მწვრთნელები – ოთარ თუშიშვილი და გოჩა კირკიტაძე, ექიმი – ლევან ლინნიკი, ხოლო მსაჯის რანგში რუსეში მალხაზ ჯორბენაძე წარსდგა.

www.wrestling.ge

0.144647