ფეხბურთი

11:32 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პლაჟის ფეხბურთი: ბათუმის “დინამო” ჩემპიონთა თასისთვის ლეგიონერებით გაძლიერდა

ბათუმის “დინამოს” საპლაჟო ფეხბურთის გუნდი აპრილიდან ევროპის ჩემპიონთა თასისთვის იწყებს მზადებას, რომელიც 20-30 მაისს იტალიის ქალაქ კატანიაში გაიმართება.

გათამაშებაში ევროპის ქვეყნების 32 ჩემპიონი გუნდი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ბათუმის “დინამომ” უკვე გაიარა რეგისტრაცია და მიწვეულია ჩემპიონატზე, როგორც 2015 წლის საქართველოს ჩემპიონი.

ბათუმური კლუბის ფეისბუქ გვერდის ცნობით, ტურნირისთვის გუნდი სამი ლეგიონერით გაძლიერდა. ზღვისპირელთა ღირსებას დაიცავს იტალიელი ლუკა ადარი. 22 წლის ფორვარდი სამშობლოში “სან ბენედიტოს” ღირსებას იცავდა. არის იტალიის ჩემპიონი, თასის მფლობელი და სუპერთასის გამარჯვებული. 16 წლის ასაკში გაიტანა გოლი იტალიის საპლაჟო ფეხბურთის სერია-A-ში, რაც დღემდე რეკორდად ითვლება.

მეორე ახალწვეული ესპანელი ედუარდ სუარესი გახლავთ. 26 წლის ესპანელი ნახევარმცველი საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.

“დინამოში” ითამაშებს 21 წლის შვეიცარიელი მცველი კევინ უანჯი ჩატიც, რომელიც საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

დანარჩენი წევრები ბათუმელები არიან. ვარჯიშები 5 აპრილს დაიწყება და მწვრთნელი გელა კიკალიშვილი 15 ფეხბურთელიდან 9-ს აარჩევს. ბათუმელთა მიზანი ჩემპიონთა თასზე, მინიმუმ, ჯგუფიდან გასვლა იქნება.

0.143746