კალათბურთი

11:02 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 6 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება "ნიუ იორკთან" (+VIDEO)

„დალას მავერისკმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მეტოქე აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი სუსტი წარმომადგენელი „ნიუ იორკი“ გახლდათ, თუმცა დალასელებს ახლა ისე უჭირთ, რომ ამ უკანასკნელის დამარცხებაც დიდ ძალიასხმევად უჯდებათ.

მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე „დალასი“ 8 ქულით აგებდა, მაგრამ დასკვნით ეპიზოდში მასპინძლებმა შედეგიანად ითამაშეს და ჯეი-ჯეი ბარეას წინამძღოლობით გამარჯვებამდე მივიდნენ - 91:89. ტეხასელთა დამაწინაურებელი ბურთი მატჩის დასრულებამდე 49 წამით ადრე ბარეამ ჩააგდო, რომელიც 26 ქულით „დალასის“ ბომბარდირი გახდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველი ცენტრი მოედანზე 19 წუთით გამოჩნდა და საკმაოდ შედეგიანი იყო. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ფაჩულიას ანგარიშზე 6 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა. დირკ ნოვიცკიმ 33 წუთში 11 ქულა მიითვალა, რომელმაც თამაშიდან განხორციელებული 23 სროლიდან მხოლოდ 5 ჩააგდო.

37 მოგებითა და 38 მარცხით „დალასი“ ანალოგიური შედეგის მქონე „ჰიუსტონთან“ დასავლეთ კონფერენციიდან პლეი ოფში გამსვლელ უკანასკნელ, მე-8 ადგილს იყოფს. მორიგი მატჩი ტეხასელებს 2 აპრილს, დეტროიტში „პისტონსთან“ ელის.

www.gbf.ge

0.139571